2023 წლის 4 სექტემბრიდან 2026 წლის მარტამდე ხილული გამონაბოლქვის გამო გამოწერილი ჯარიმების ღირებულება ₾4.5 მილიონს აღწევს - ამის შესახებ ცნობილი გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციიდან ხდება, რომელიც პარლამენტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ წარადგინა.
პრეზენტაციიდან ირკვევა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ხილული გამონაბოლქვის კონტროლისას, ეკიპაჟის მიერ მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმის თანხა ₾2.032 მილიონს აღწევს, ავტომფლობელების შემთხვევაში კი ფინანსური სანქციის მოცულობა ₾2.466 მილიონია. რაც შეეხება ჯარიმების გადახდის სტატისტიკა, შესაბამისად, 83% და 45%-ია.
"სტატისტიკის მიხედვით, მატულობს ჯარიმების რაოდენობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ინსპექტირება დავიწყეთ 2023 წლის 4 სექტემბერს. 2023 წლის განმავლობაში 2,980 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, 2024 წელს გამოიწერა 5,665, 2025 წელს გამოიწერა 6,022 და 2026 წლის სამი თვის განმავლობაში - 2,239. სამწუხაროდ სტატისტიკა მატებით მიდის. ჯარიმის ოდენობის თანხებში 2 მილიონ ლარზე მეტია მძღოლის შემთხვევაში, მფლობელის შემთხვევაში კი თითქმის 2.5 მილიონი", - განაცხადა ჯღარკავამ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანახმად, ჯარიმების ნახევარზე მეტი თბილისში გამოიწერა.
"შემდგომ მოდის უკვე ბათუმი 18%-ით, ქუთაისი - 16% და, რაც მთავარია, საშუალო სტატისტიკურად რომ ავიღოთ, დღეში საშუალოდ 20-22 ჯარიმა იწერება ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით", - ამბობს ის.
ანგარიშის თანახმად, ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტოსატრანსპორტი მართვისთვის განმეორებითი ჯარიმის გამოწერის 727 ფაქტი დაფიქსირდა. ასეთ შემთხვევაში ფინანსური სანქცია 300 ან 600 ლარს შეადგენს ფიზიკურ პირზე, იურიდიულ პირზე კი - 1500 ან 3000 ლარს.




























