2023-2025 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგის ეკიპაჟთა რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით, 10-დან 15-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ცნობილი პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გახდა, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ ხილული გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ლევან ჯღარკავამ ასევე განმარტა, რომელ ქალაქში რამდენი ეკიპაჟი ჰყავს გამოყოფილი გარემოს დაცვის სამინისტროს.
"განისაზღვრა ოთხი ქალაქი, ეს გახლავთ თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. ასევე აღსანიშნავია, რომ ორი წლის განმავლობაში გაიზარდა ეკიპაჟთა რაოდენობა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: თბილისში კონტროლს ახორციელებს შვიდი ეკიპაჟი, რუსთავში ორი, ქუთაისსა და ბათუმში - სამი", - აღნიშნა მან.
კომიტეტის წევრთა კითხვებზე, რამდენად საკმარისია მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ოთხ ქალაქში, 15 ჯგუფის მიერ, ლევან ჯღარკავამ აღნიშნა, რომ იგეგმება კანონის აღსრულების გეოგრაფიული არეალის გაფართოებაც, ეკიპაჟების დამატება კი, ჯერჯერობით, სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, რადგან მათი ეკიპირება ძვირად ღირებულია.
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ წლის ბიუჯეტში ეკიპაჟების დასამატებლად თანხა არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ვინაიდან ჯარიმების ტენდენცია მზარდია, დამატებას ვფიქრობთ.
გვსურს, რომ წლევანდელი წელი მაინც დავუთმოთ მექანიზმების სრულყოფას და მომავალ წელს უკვე ავტომაგისტრალებზე ვიფიქროთ ეკიპაჟების განთავსებაზე. საბოლოო ჯამში კი, ალბათ, საჭირო იქნება მთელი საქართველოს მოცვა. თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ არის იაფი, ერთი ეკიპაჟის მხოლოდ აღჭურვა დაახლოებით 150,000 ლარი ჯდება, მისი ტექნიკური პერსონალი და ტესტირება კი, რა თქმა უნდა, შემდგომი საკითხია", - ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა.
პრეზენტაციის თანახმად, ეკიპაჟის ტექნოლოგიური აღჭურვილობა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- ჰიბრიდული ავტომობილები
- კომბინირებული გამონაბოლქვის საზომი ხელსაწყო MET 6.3 დენის გადამყვანით
- ბორტკომპიუტერი, მოდემი და თერმული პრინტერი
- მანქანის ვიდეორეგისტრატორი და სამხრე კამერები ეკიპაჟის წევრებისთვის
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 4 სექტემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს.
კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოებით მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად ახორციელებენ.
სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 100 ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით, ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში კი – 600 ლარით.
იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით ჯარიმდება.




























