რუსული თხევადი გაზის გადამზიდი ხომალდი Arctic Metagaz, რომელიც მოსკოვის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთი საკვანძო რგოლი იყო, ლიბიის სანაპიროსთან რაკეტის მოხვედრიდან ორი დღის შემდეგ, აფეთქების შედეგად ჩაიძირა.
შეგახსენებთ, ინციდენტი 3 მარტს, გამთენიისას მოხდა და კრემლმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავდასხმა დისტანციურად მართვადი საზღვაო დრონებით განხორციელდა. ხომალდზე მყოფი 30-ვე მეზღვაური, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაშველებმა სამაშველო ნავების მეშვეობით გადაარჩინეს.
აფეთქების შემდეგ გადაღებული ფოტოებიდან ჩანდა, რომ ხომალდის სატვირთო განყოფილება მთლიანად გადახსნილი იყო, ხოლო კორპუსსა და გემბანზე ძლიერი ხანძრის კვალი შეინიშნებოდა. Arctic Metagaz ცნობილი იყო იმით, რომ ის სანქცირებული პროექტის Arctic LNG 2-ის ფარგლებში რუსული გაზის ექსპორტს ახორციელებდა. მოსკოვმა მომხდარი „საერთაშორისო ტერორიზმისა და მეკობრეობის აქტად“ შეაფასა და ევროკავშირის ქვეყნები თავდამსხმელების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ხომალდის დაკარგვა სერიოზული დარტყმაა კომპანია Novatek-ისთვის, რომელსაც „ჩრდილოვან ფლოტში“ სულ 11 ტანკერი ჰყავს. ამჟამად, შესაბამისი ტრანსპორტის სიმცირის გამო, Arctic LNG 2 პროექტი თავისი სიმძლავრის მხოლოდ 30%-ით მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, ინციდენტის გამო, რუსეთი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, ხმელთაშუა ზღვისა და სუეცის არხის მარშრუტებს გადახედოს. ამან კი, შესაძლოა, ლოგისტიკური ხარჯების ზრდა და მიწოდების ვადების მნიშვნელოვანი გახანგრძლივება გამოიწვიოს. უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.




























