მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბალი წლიურად 28%-ით გაძვირდა - ვინ აწარმოებს/მოიხმარს ყველაზე მეტს?

ხორბალი

მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისა და აგროსექტორისთვის ხორბალი ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ნედლეულად რჩება. ბოლო პერიოდის მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდის პარალელურად, იზრდება წარმოების მოცულობებიც, ხოლო მოხმარების სტრუქტურაში მკვეთრად იკვეთება რეგიონული თავისებურებები.

სასაქონლო ბირჟებზე ხორბლის ფიუჩერსები დინამიკურ ზრდას ინარჩუნებს: 31 ივლისის მონაცემებით, ხორბლის ფიუჩერსებით ვაჭრობა 6.603 დოლარის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც დღიურად 0.48%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ამავდროულად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხორბლის ფასი ბირჟაზე 11.55%-ით გაძვირდა, წლიურ ჭრილში კი ზრდამ 27.79% შეადგინა, რაც ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის ცვლილებაზე და გეოპოლიტიკურ თუ კლიმატურ რისკებზე მიუთითებს.

გლობალური წარმოება

მიუხედავად ფასების ზრდისა, წელს ხორბლის გლობალური წარმოება რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

2025/2026 წლებში მსოფლიო წარმოება 843.77 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება წინა წლის (799.68 მლნ ტონა) მაჩვენებელს.

შედარებისთვის, 10-წლიანი საშუალო მაჩვენებელი (2016-2025) 778.58 მილიონ ტონას შეადგენდა, საშუალო წლიური 1%-იანი ზრდით.

უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები და მათი წილი გლობალურ წარმოებაში:

  1. ევროკავშირი - 145.11 მლნ ტონა (17%)
  2. ჩინეთი - 140.07 მლნ ტონა (17%)
  3. ინდოეთი - 117.95 მლნ ტონა (14%)
  4. რუსეთი - 90.3 მლნ ტონა (11%)
  5. აშშ - 54.01 მლნ ტონა (6%)
  6. კანადა - 39.96 მლნ ტონა (5%)
  7. ავსტრალია - 35.99 მლნ ტონა (4%)
  8. პაკისტანი - 28.4 მლნ ტონა (3%)
  9. არგენტინა - 27.92 მლნ ტონა (3%)
  10. უკრაინა - 24.1 მლნ ტონა (3%)

სანამ ევროკავშირი და ჩინეთი წარმოებით ლიდერობენ, საინტერესოა საჰექტარო ფართობების გადანაწილებაც:

ინდოეთს ხორბლისთვის ყველაზე დიდი ფართობი უკავია - 32.8 მილიონი ჰექტარი, თუმცა წარმოების ეფექტიანობით ჩინეთსა და ევროკავშირს ჩამორჩება.

რუსეთი მეორე ადგილზეა საჰექტარო ფართობით - 26.3 მილიონი ჰექტარი.

ევროკავშირი (24 მლნ ჰა) და ჩინეთი (23.6 მლნ ჰა) შედარებით ნაკლებ ფართობზე ახერხებენ მნიშვნელოვნად მაღალი მოსავლის (შესაბამისად 145.11 მლნ და 140.07 მლნ ტონა) მიღებას, რაც მაღალ აგროტექნოლოგიურ ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ხორბლის მოხმარება: ერთ სულ მოსახლეზე

მოსახლეობის სიდიდიდან გამომდინარე, ხორბლის ჯამურ მოხმარებაში აბსოლუტური ლიდერები ჩინეთი (103.3 მლნ ტონა) და ინდოეთი (94.6 მლნ ტონა) არიან. მათ მოსდევთ აშშ (31 მლნ ტონა), პაკისტანი (24.3 მლნ ტონა) და რუსეთი (20.2 მლნ ტონა).

თუმცა სრულიად სხვა სურათს ვიღებთ ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების ანალიზისას, სადაც ბალკანეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, აგრეთვე სამხრეთ კავკასიის რეგიონი ლიდერობენ:

  1. სერბეთი - 201.12 კგ
  2. ტუნისი - 196.10 კგ
  3. ალჟირი - 186.65 კგ
  4. აზერბაიჯანი - 181.41 კგ
  5. მონტენეგრო - 179.30 კგ
  6. მაროკო - 179.01 კგ
  7. საქართველო - 178.70 კგ
  8. თურქმენეთი - 178.21 კგ
  9. თურქეთი - 159.71 კგ
  10. მალტა - 159.51 კგ

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ხორბლის მოხმარებით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს - წელიწადში საშუალოდ 178.70 კგ-თი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პურპროდუქტების კრიტიკულ მნიშვნელობას ადგილობრივ სამომხმარებლო კალათაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები