მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე ფქვილი 55-57 ლარამდე გაძვირდება| "ბარაქა" - მიზეზებზე

ფქვილი

წისქვილკომბინატების ნაწილში აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ ხორბალზე საიმპორტო გადასახადის დაწესების გამო წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზე ფქვილზე ფასების მატებაა მოსალოდნელი.

როგორც BMG-ს “ბარაქაში” განუცხადეს, ერთ ტონა ხორბალზე დაწესებული 100-ლარიანი გადასახადი პროდუქციის ღირებულებას დაახლოებით 20%-ით ზრდის. შესაბამისად, როგორც “ბარაქას” გენერალური დირექტორი ლადო ბიძინაშვილი ამბობს, მოსალოდნელია, წლის ბოლომდე ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 5-7 ლარით, 55-57 ლარამდე გაძვირდეს.

ამასთან, როგორც ბიძინაშვილი აღნიშნავს, ეს ღირებულება მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ არსებული ფასები და შესაბამისად, ფქვილის ამ მოცულობით გაძვირებამ პურის ფასზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

“[ამ ეტაპზე ფქვილზე] ფასი შევინარჩუნეთ იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ხორბალი გაიაფდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ავიღოთ, გამოდის, რომ [ხორბალზე] 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადი ფაქტობრივად, ჩვენს თვითღირებულებას დაახლოებით 20%-ით აძვირებს. რა თქმა უნდა, ფქვილის კალკულაციაში ხორბალი არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და აქედან გამომდინარე, თვითონ ფქვილის თვითღირებულება დაახლოებით 20%-ით ძვირი გამოდის, ვიდრე შეიძლებოდა, დაგვჯდომოდა ამ გადასახადის გარეშე. აქედან გამომდინარე, ფქვილის ფასიც, რა თქმა უნდა, მოიმატებს, იქიდან გამომდინარე, რომ მარაგები, რაც გვქონდა, ამოიწურა უკვე და დამოკიდებულები ვართ ახალი ხორბლის მიღებაზე, რომელიც საბაჟო გადასახადის დამატებით, პლუს 100 ლარი გამოდის.

დაახლოებით ერთი წლის პერიოდს რომ გადავხედოთ, ფქვილის ფასი საშუალოდ დაახლოებით 60 ლარის ფარგლებში მერყევობდა. აქ ერთ 50-კგ-იან ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზეა საუბარი. დღესდღეობით ფქვილის ფასი არის დაახლოებით 48 ლარის ფარგლებში, 46 ლარადაც იყიდება. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ პურის ფასის მატებაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ ამას ყოველთვის უფრო ნათლად პურის მწარმოებლები გვეუბნებიან ხოლმე და ალბათ, მათ უნდა ვკითხოთ. ხორბლის დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე, დაახლოებით 55-57 ლარის ფარგლებში იქნება სამომავლოდ ერთი ტომარა ფქვილის ფასი. ვფიქრობ, ფასის ზრდა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება”, - განაცხადა ლადო ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის, ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ხორბალზე ერთ ტონაზე 100 ლარის მოცულობით გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივ ხორბალზე მოთხოვნისა და ფასის სტიმულირება დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები