რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული ახალი კვოტები ქართული ბაზრისთვის კრიტიკულ რისკს არ წარმოადგენს, თუმცა დარგში ლოგისტიკურ გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას.
წისქვილ „გლობალ მილინგის“ დირექტორი გვანცა ქიმაძე BMG-სთან ამბობს, რომ რუსეთის მიერ 2026 წლისთვის განსაზღვრული 20 მილიონი ტონის კვოტა საქართველოს ბაზარზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს.
მისი განმარტებით, რუსეთი 2021 წლიდან, ყოველწლიურად, აწესებს მსგავს შეზღუდვებს, თუმცა, საქართველოს წილი დაწესებული კვოტის მოცულობაში მცირეა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არა კვოტირება, არამედ რუსეთზე ფასობრივი დამოკიდებულება და ლოგისტიკური ჯაჭვია.
„ბოლო წლებია, ხორბალი გემების ნაცვლად ავტოტრანსპორტით შემოგვაქვს. ჩვენთვის უფრო დიდ პრობლემად ლარსის ტერმინალი და ზამთრის ამინდები რჩება. გზაც დატვირთულია და ზამთრის პერიოდში, უამინდობის გამო, როდესაც ლარსი იკეტება, მანქანები ვეღარ შემოდის, იქმნება დეფიციტი და ფასებზე ეს უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე კვოტირება“, - აღნიშნავს „გლობალ მილინგის“ დირექტორი.
მისივე თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ხორბლის საკმარისი მარაგია, თუმცა მნიშვნელოვანია რეზერვების კიდევ უფრო გაზრდა, რადგან ფქვილისგან განსხვავებით, ხორბლის ხანგრძლივი შენახვა უფრო ეფექტურია.
ამასთან, გვანცა ქიმაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესება დადებითი ფაქტორია. მისი განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია ადგილობრივ წარმოებას აძლიერებს და ქართულ ფქვილს ბაზარზე კონკურენტუნარიანობას უნარჩუნებს.
თებერვლიდან, რუსული ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტები დაწესდება - აღნიშნულის შესახებ რუსეთის მთავრობამ 22 დეკემბერს განკარგულება გამოსცა.
მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვა 2026 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე იქნება ძალაში. რუსეთიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ ხორბლის, მესლინის, ქერისა და სიმინდის გატანაზე სატარიფო კვოტის ჯამური მოცულობა 20 მლნ ტონას შეადგენს.
მარცვლეულის ექსპორტის კვოტირების მექანიზმი მთავრობამ 2021 წელს აამოქმედა. კვოტირების ფარგლებში მარცვლეულის ექსპორტი მცურავი ბაჟით იბეგრება, რომელიც საფასო კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. წელს ქვეყანამ ჯამში 115 მილიონი დოლარის ღირებულების 460 141 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან 79% რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე მოდიოდა. 11 თვეში საქართველომ 91.2 მლნ დოლარის ღირებულების 360 400 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა.




























