ხორბლის იმპორტში, უსაფრთხოებისა და დაგეგმვის მხრივ, რკინიგზის ჩართულობა უმჯობესი იქნება - ამის შესახებ BMG-სთან „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა საუბრობს.
მისი თქმით, ხორბლის საავტომობილო ტრანსპორტირება „ფხვიერი და არასტაბილური“ მიმართულებაა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის (ყაზახეთის და დსთ-ს სხვა ქვეყნების) მძღოლებს რუსეთში ყოფნის ვადები შეუმცირდათ. ეს პირდაპირ აისახება ტრაილერების მოძრაობაზე და საზღვარზე ქმნის შეფერხებებს ქმნის.
"თუ ჩვენ მხოლოდ ამ მიმართულებას ჩამოვეკიდებით, შეიძლება, ხვალ, სერიოზული გამოწვევები მივიღოთ. ტრაილერებით გადაზიდვა სანქციებისა და მოულოდნელი შეფერხებების მხრივ მაღალრისკიანია“, - აღნიშნავს სილაგავა.
უსაფრთხოების გარანტად დარგი რკინიგზის გააქტიურებას მიიჩნევს. ასოციაციის ხელმძღვანელის ცნობით, ამჟამად, რკინიგზის დეპარტამენტთან სპეციალურ, მოცულობით ტარიფებზე მუშაობა მიმდინარეობს - მიზანია, რკინიგზა საავტომობილო ტრანსპორტთან შედარებით კონკურენტუნარიანი გახდეს.
„სწორი დაგეგმვის ალტერნატივა არ არსებობს. ვაჭრობა უნდა გადავიდეს ცივილიზებულ ფორმაში, სადაც უსაფრთხოებაც დაცული იქნება და სავაჭრო პარტიების სწორი მართვაც. ქვეყანა სწორი კონკურენციის პირობებში უნდა მომარაგდეს და პირველადი მოთხოვნილების საქონლის შემოტანისას პრობლემა არ შეიქმნას“ - ამბობს ლევან სილაგავა BMG-სთან და განმარტავს, რომ რკინიგზასა და საზღვაო გზას (გემი-რკინიგზის მოდელი) დიდი უპირატესობა აქვს - ის იძლევა დიდი სავაჭრო პარტიების მიღებისა და სტრატეგიული მარაგების შექმნის საშუალებას. საავტომობილო გზის შემთხვევაში კი, მარაგების დაგროვება გართულებულია, რაც მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტის რისკს ზრდის.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. წელს ქვეყანამ ჯამში 115 მილიონი დოლარის ღირებულების 460 141 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან, 79% რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე მოდიოდა. 11 თვეში საქართველომ 91.2 მლნ დოლარის ღირებულების 360 400 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა. რუსეთიდან ხორბლის იმპორტი ძირითადად, სატვირთო ავტომობილებით ხორციელდება. სატვირთოების მძღოლებისთვის კი, რუსეთის ფედერაციამ უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შეამცირა, რის გამოც დაფიქსირდა მძღოლების როგორც დაჯარიმების, ასევე დეპორტაციის შემთხვევები.




























