მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის სექტორში აღურიცხავი მოცულობები პრობლემებს ქმნის – გამოსავალი დღგ-ით დაბეგვრაა - ლევან სილაგავა

ლევან სილაგავა

საქართველოში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი „დაუკვირვებელ ეკონომიკაში“ რჩება, რაც ხელს უშლის სწორ ანალიზს და ბაზარზე არათანაბარ კონკურენციას ქმნის. ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს და გამოსავალს სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის დღგ-ით დაბეგვრაში ხედავს.

როგორც ლევან სილაგავა BMG-სთან აცხადებს, დღეისთვის, სახელმწიფო სრულად ვერ აკონტროლებს ქვეყანაში არსებული ხორბლის მარაგებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს 200 000 ტონა ხორბლის მოსავალი იყო დაანონსებული, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა მხოლოდ 15-17 ათასი ტონის მიღება შეძლეს. დანარჩენი მოცულობის ბედი - იქნება ეს დასაწყობებული თუ ექსპორტზე გასული - ზუსტად ცნობილი არ არის.

ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თავის დროზე პირველადი წარმოების დღგ-სგან გათავისუფლებამ ფერმერებს მოტივაცია მისცა, თუმცა, დღეს, ეს ფაქტორი აღრიცხვიანობას უშლის ხელს. ვინაიდან ფერმერი დღგ-ს გადამხდელად არ დგება, მისი პროდუქცია ფინანსთა სამინისტროს დაკვირვების მიღმა რჩება, ამიტომ გამოსავალი პირველადი წარმოების აღრიცხვიანობა და დღგ-თი დაბეგვრა იქნებოდა.

„დაბეგვრა მოაწესრიგებს ბუღალტრულ დისციპლინას და ბრუნვაში მოაქცევს იმ ფერმერებსა და კომპანიებს, რომლებიც დღეს სისტემის მიღმა არიან,“ - აცხადებს სილაგავა BMG-სთან.

ასოციაციაში ფასთა შორის დისბალანსზეც ამახვილებენ ყურადღებას - იმპორტირებული ხორბლის ჩასაბარებელი ფასი დღეს 80 თეთრია, ქართული ხორბლის კი - 67-70 თეთრი. ეს სხვაობა გამოწვეულია სწორედ დღგ-ით, რომლის ჩათვლასაც წისქვილკომბინატები ადგილობრივი ხორბლის შემთხვევაში ვერ ახდენენ.

„ქართული ხორბლის ჩაბარების ფასი დღეს 18%-ით ნაკლებია, რადგან დღგ-ს სხვაობაა. თუ ადგილობრივი პროდუქციაც დაიბეგრება, ქართული ხორბალიც 80 თეთრი ეღირება, ისევე როგორც იმპორტირებული, და წისქვილებსაც ჩათვლის საშუალება მიეცემათ,“ - განმარტავს ის.

BMG-ის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს ცვლილება საბოლოო პროდუქტის გაძვირებას, ლევან სილაგავა პასუხობს, რომ ეს ფასებზე უარყოფითად არ აისახება. მისი არგუმენტით, ვინაიდან ბაზარი დღესაც იმპორტირებული ხორბლის ფასზეა ორიენტირებული, ადგილობრივი ხორბლის სისტემაში მოქცევა მხოლოდ კონკურენციას გაათანაბრებს და პურის თვითღირებულებას არ გაზრდის.

ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ჯაჭვი - ფერმერიდან დაწყებული, წისქვილების, პურის ქარხნებისა და რითეილ სექტორის ჩათვლით - ერთიან საგადასახადო სისტემაში მოექცეს, რაც სექტორს უფრო გამჭვირვალეს და პროგნოზირებადს გახდის.

ამასთან, მეორე ეტაპზე, ასოციაციის სურვილია, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, დღგ 18%-ის ნაცვლად, 4-5%-ზე ჩამოვიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები