მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხორბლის სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკა მძვინვარებს, მსხვილმა წისქვილკომბინატებმა საცალო ბაზარი დაკარგეს - ლადო ბიძინაშვილი

ხორბალი

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არათანაბარი კონკურენცია და ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი წილი მსხვილ მწარმოებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. როგორც წისქვილკომბინატ „ბარაქას“ გენერალური დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი BMG-სთან აცხადებს, დღეს ბაზარზე ათასობით მცირე, არარეგისტრირებული წისქვილები არსებობს, რომლებიც ადგილობრივ ხორბალს დღგ-ს გარეშე ყიდულობენ და შემდგომ ფქვილსაც აღრიცხვიანობის გარეშე ყიდიან. ეს მათ საშუალებას აძლევს, პროდუქცია გაცილებით იაფად შესთავაზონ მომხმარებელს, ვიდრე ამას მსხვილი, კეთილსინდისიერი გადამხდელები ახერხებენ.

„დღეს ჩვენი 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილი 59 ლარი ღირს, საიდანაც 9 ლარი მხოლოდ დღგ-ია. ჩრდილოვანი წისქვილი კი, რომელიც გადასახადებს არ იხდის, იმავე პროდუქტს 53-55 ლარად ყიდის და ჩვენზე მეტ მოგებაზე გადის. ამის გამო მსხვილმა წისქვილკომბინატებმა რეგიონებში საცალო ბაზარი, ანუ მოსახლეობაზე გაყიდვები, თითქმის სრულად დაკარგეს,“ - აცხადებს ლადო ბიძინაშვილი.

მისივე თქმით, პრობლემურია ხორბლის მოსავლის აღრიცხვიანობაც. ლადო ბიძინაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში დიდი რაოდენობით ხორბალი იწარმოება, მისი რეალური კვალი ბაზარზე არ ჩანს. წისქვილკომბინატის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ გამოსავალი ხორბლის პირველადი წარმოების დღგ-ით დაბეგვრაა, რაც ადგილობრივ პროდუქციას იმპორტირებულთან თანაბარ საგადასახადო პირობებში ჩააყენებს და აღრიცხვიანობას მოაწესრიგებს.

„ჩვენი მონაცემებით, ფერმერებთან დასაწყობებული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 30-50 ათასი ტონა ხორბალი. დანარჩენი მოცულობა, რომელიც 200 000 ტონამდეა, სტატისტიკაში არ ჩანს - ის არც ექსპორტზე გასულა. ლოგიკური დასკვნაა, რომ ეს ხორბალი სწორედ ჩრდილოვან სექტორში ხვდება და აღურიცხავად მუშავდება,“ - ამბობს ის.

„ბარაქას“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ჩრდილოვანი წისქვილების გამოაშკარავება სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებით დღგ-ს გარეშეც შესაძლებელია, რადგან წისქვილი რთული წარმოებაა, რომელსაც დიდი რაოდენობით ელექტროენერგია და მუშა ხელი სჭირდება, თუმცა საგადასახადო სისტემის მოწესრიგება ინდუსტრიისთვის გადამწყვეტი იქნება.

ხორბლისა და პირველადი წარმოების დღგ-თი დაბეგვრას ითხოვს "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაც". როგორც ასოციაციაში განმარტავენ, დაბეგვრა მოაწესრიგებს აღრიცხვიანობას, ბუღალტრულ დისციპლინას და ბრუნვაში მოაქცევს იმ ფერმერებისა და კომპანიების პროდუქციასაც, რომელიც დღეს შეიძლება არ იბეგრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები