მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხორცი, შაქარი... - რა პროდუქტები შემოდის ბრაზილიიდან საქართველოში?

ღორის ხორცი

ბრაზილია ერთ-ერთი ქვეყანაა, საიდანაც გასულ წელს საქართველომ ყველაზე მეტი სასურსათო პროდუქტი შეიძინა, რაც ძირითადად ხორცის იმპორტს უკავშირდება.

2025 წელს საქართველოში სურსათის პროდუქტების, სასურსათო ნედლეულის, ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტმა რეკორდულ 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 20%-ით, ანუ 378 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ამ კატეგორიაში 104 მილიონი დოლარის იმპორტით ბრაზილია მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი იყო.

საგულისხმოა, რომ საქართველო-ბრაზილიის სავაჭრო ურთიერთობა თითქმის სრულად იმპორტია. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 114.7 მლნ დოლარი იყო, რაც აჭარბებდა 2024 წლის 105.5 მლნ დოლარს. ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ მაქსიმუმს, 164 მლნ დოლარს, 2020 წელს მიაღწია.

2025 წელს ბრაზილიიდან იმპორტი წლის ჭრილში 7%-ით, 110 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტის თითქმის ნახევარი ერთ პროდუქტზე, კერძოდ ღორის ხორცზე მოდიოდა. გასულ წელს ბრაზილიიდან იმპორტირებული TOP 10 პროდუქტი ასეთია:

ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული 54,4 მლნ დოლარი
შაქარი 22,3 მლნ დოლარი
ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული 14,6 მლნ დოლარი
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული 10,1 მლნ დოლარი
თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები 1,6 მლნ დოლარი
კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების და სხვა 1,1 მლნ დოლარი
ყავა, მოხალული ან მოუხალავი 888 ათასი დოლარი
სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები 707.9 ათასი დოლარი
ცხოველების ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად 684.2 ათასი დოლარი
მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან, სხვა 560.8 ათასი დოლარი

რაც შეეხება საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტს, ის მხოლოდ 4.7 მლნ დოლარი იყო, რაც აღემატება 2024 წლის 2.7 მილიონ დოლარიან ექსპორტს. გასული წლის ექსპორტიდან 3.5 მლნ დოლარის მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები იყო. მცირე ღირებულებით ექსპორტზე ასევე გავიდა: სასუქები, ბიტუმოვანი ნარევები, ბუნებრივი ასფალტი, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი ნივთიერებები შემკვრელი, ყურძნის ნატურალური ღვინოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები