მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხორცის გაძვირების გამო, გურამ ბაღდოშვილი საკუთარ რესტორნებში ვეგანურ მენიუზე გადასვლას განიხილავს

გურამ ბაღდოშვილი

რესტორატორი გურამ ბაღდოშვილი საკუთარი რესტორნების მენიუდან ხორცის კერძების ამოღებას გეგმავს.

ხორცსა და ხორცპროდუქტებზე მზარდი ფასების გამო, რესტორატორი ამბობს, რომ ურჩევნია, მომხმარებელს სრულად ვეგეტარიანული მენიუ შესთავაზოს.

“კატასტროფა ხდება. 2 წელია საქართველოში ფასები იზრდება. მე ხორცის ბევრი კერძი ამოვიღე ჩემი რესტორნიდან. ახლო მომავალში, ალბათ, საერთოდ, ვეგან-ვეგეტარიანულზე გადავალ, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, უფრო იზრდება ფასი და არასდროს მცირდება. პირიქით, სულ მაღლა იწევს”, - ამბობს ბაღდოშვილი BMG-სთან.

რესტორატორი ფასის ზრდის მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქონლის ხორცის გაძვირება მარცვლეულზე და საქონლის საკვებზე ფასის ზრდითაა გამოწვეული, თუმცა, მიზეზი შემცირებული მეურნეობებიცაა.

“ადამიანებს აღარ უნდათ 365 დღე ძროხას სდიონ. მე საკუთარ თავზე გამოვცადე პანდემიის პერიოდში - როდესაც ვიყიდე პირუტყვი. მენახირეს ვგავდი და ამის ფასიც ვიცი.

ძალიან რთულია ვითარებაა ფასებთან დაკავშირებით, ვერ ვზრდით საბოლოო პროდუქტის ფასს და დაბლა იწევს შემოსავალიც. ამის გამო, ვერ ვარეგულირებ ხელფასებს - უნდა მყავდეს 6 მიმტანი და მყავს 4. 10 მზარეულის ნაცვლად კი, 4 მზარეული”, - ამბობს გურამ ბაღდოშვილი BMG-სთან.

საქსტატის მონაცემებით, წელს, 10 თვეში საქართველოდან $63 მლნ 400 ათასის ღირებულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა ექსპორტზე, მაშინ როდესაც შარშან, სრული წლის მაჩვენებელი $55 მლნ-ის ფარგლებში იყო. რაც შეეხება იმპორტს, წელს, იანვარ-ოქტომბერში $13 მლნ 156 ათასის ღირებულების ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემოვიდა. 2024 წლის ჯამური მაჩვენებელი კი, $17 მლნ 455 ათასი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები