მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხორვატიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ECB-ს ვიცე-პრეზიდენტი გახდა

ბორის ვუჩიჩი

ხორვატიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ბორის ვუჩიჩი ECB-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. გადაწყვეტილებას მხარი ევროზონის 21-ვე წევრი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ ვუჩიჩი გახდა საბჭოთა პერიოდში კომუნისტური ხელისუფლების მოკავშირე ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შორის პირველი, რომელიც ევროპის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. ვუჩიჩი მოვალეობის შესრულებას პირველი ივნისიდან შეუდგება და ჩაანაცვლებს ესპანელ ლუის დე გინდოს.

თავად ხორვატია ევროზონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ეკონომიკად ითვლება, რის გამოც მისი ვიცე-პრეზიდენტად შერჩევა ეკონომისტების ნაწილისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ცნობილია, ECB-ს წამყვან პოზიციებს ბოლო 25 წელია ყოველთვის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების წარმომადგენლები იკავებენ.

61 წლის ბორის ვუჩიჩი ამჟამად ხორვატიის ცენტრალური ბანკის გუბერნატორის პოსტზე მესამე ვადით მუშაობს. მის განსაკუთრებულ დამსახურებად ქვეყნის ევროზონაში გაწევრიანების პროცესის ხელმძღვანელობა ითვლება. შეგახსენებთ, ხორვატიაში ეროვნული ვალუტა ევრომ 2023 წელს ჩაანაცვლა. ბორის ვუჩიჩი მეტ-ნაკლებად ხისტი და სკეპტიკური პოზიციით ხასიათდება, როცა საქმე რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ეხება. ის მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები ძალიან იშვიათად და ფრთხილად უნდა გატარდეს. ახალ თანამდებობაზე ვუჩიჩის მოვალეობა ევროზონის ფინანსური სტაბილურობის ანალიზი და შეგროვებული მონაცემების პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდისთვის წარდგენა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები