მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხშირ მოგზაურობაზე გადასახადის დაწესებას წელიწადში €64 მილიარდის გენერირება შეეძლება - კვლევა

ჯარიმა

ევროპის მასშტაბით “ხშირი მოგზაურობის გადასახადზე” მსჯელობენ, რომელიც, ამოქმედების შემთხვევაში, გლობალური დათბობის შენელებასა და წელიწადში €64 მილიარდის გამომუშავებას შეუწყობს ხელს ისე, რომ ადამიანთა უმრავლესობას დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოუწევთ - ამის შესახებ New Economics Foundation-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების კვლევაშია საუბარი.

ანალიზი აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს, პირველი მოგზაურობის შემდეგ, ყოველ მომდევნო ფრენაზე დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ, საავიაციო ნახშირბადის ემისიები 21%-ით შემცირდება. კვლევის თანახმად, დამატებითი გადასახადით გამოწვეული სარგებელი, ძირითადად, ევროპის მოსახლეობის იმ 5%-ისგან იქნება მიღებული, რომლებიც ყველაზე ხშირად სარგებლობენ საჰაერო ტრანსპორტით, მოსახლეობის 72% კი ამ მოსაკრებლისგან საერთოდ თავისუფლდება, რადგან ისინი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ან საერთოდ არ, დაფრინავენ.

კვლევის თანაავტორი, მაგდალენა ჰიუვაიზერი აღნიშნავს, რომ გადასახადი დამატებითი თანხების მობილიზებას შეუწყობდა ხელს, რაც მატარებლებისა და ავტობუსების განვითარებაში შეიძლება ინვესტირდეს. ჰაუვაიზერი აცხადებს, რომ ამჟამად ბილეთის ყიდვის დროს მნიშვნელობა არ აქვს, პირველად მიდიხარ სამოგზაუროდ თუ ეს წელიწადში მეათე მოგზაურობაა თქვენთვის, რაც უნდა შეიცვალოს.

კამპანიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა მგზავრების რაოდენობას 2028 წლისთვის 26%-ით, ხოლო საავიაციო ემისიებს 21%-ით შეამცირებს. ამასთან, კვლევის ავტორებს გადასახადის მოქმედების მექანიზმიც აქვთ შემუშავებული.

გადასახადი პირველ ფრენაზე ნულოვანი იქნებოდა, ყოველ მომდევნო უკანა გზის ბილეთზე კი 100 ევრო დაემატება ეკონომ ადგილებზე, პირველი კლასის შემთხვევაში კი მოსაკრებელი გაიზრდება.

კვლევა აჩვენებს, რომ, რადგან მდიდარი ადამიანები უფრო ხშირად დაფრინავენ, ახალი გადასახადის წნეხი ყველაზე მძიმედ სწორედ მათ დააწვებათ.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში შესაბამისი გადასახადის დაწესება იდეალური ინსტრუმენტი იქნებოდა საავიაციო დაბინძურებასთან ბრძოლისთვის, თუმცა ამას 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება, რაც, როგორც წესი, მარტივი მისაღწევი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გადასახადების დაწესებას ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები