"ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ჩვენი მხრიდან ენერგეტიკული სექტორისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ვინაიდან ენგურის დამატებითი ენერგიის უზრუნველყოფის წყაროა და მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით", - ეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
კითხვაზე - დაიწყო მთავრობამ ინვესტორის მოძიება თუ სახელმწიფო ააშენებს, ნარმანია პასუხობს, რომ ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.
"ის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს პროექტის გაგრძელებას და შესაბამისი დამატებითი კვლევების ჩატარებას და ოპტიმალური ვარიანტის გამოძებნას, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ იმ პერიოდის შემდეგ შეცვლილი სხვადასხვა გარემოებების და პარამეტრებიდან გამომდინარე დაზუსტდეს ყველა პარამეტრი და ასეთი ფორმით განხორციელდეს პროექტი", - ამბობს ნარმანია.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ხუდონჰესის მშენებლობით „საინტერესო ინვესტორია“ დაინტერესებული. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“განაცხადა, თუმცა ინვესტორის წარმომავლობა და ვინაობა არ დაუსახელებია. BMG-ის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტით დაინტერესებული ბიზნესჯგუფი საფრანგეთიდანაა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია "ტრანსელექტრიკისგან" გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. 2023 წელს, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ ხუდონჰესი შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე აშენდეს, რათა სოფელი არ დაიტბოროს.
პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა




























