"ერთი წლის წინ, ოპოზიციური კოალიციების მრავალფეროვანი ჯგუფი საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად იბრძოდა, ოთხმა მათგანმა მანდატებიც მოიპოვა. დღეს, მათი რვა ლიდერიდან ყველა, გარდა ერთისა, ან ციხეშია, ან გადასახლებაში, ან სისხლის სამართლის ბრალდების წინაშე დგას. მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური გუნდის პირდაპირ აკრძალვას ითხოვს", - ასე იწყება გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Reuters-ის სტატია, სახელწოდებით: "ხუთი წუთი ავტოკრატიამდე: როგორ გადაუხვია საქართველომ დასავლური გზიდან".
სტატიაში აღწერილია საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები და ნახსენებია, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობაა დამყარებული. ჟურნალისტი იშველიებს ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიშის ბოლო გამოშვებასაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელიღა შერჩა, ისიც ქაღალდზე.
Reuters-ი ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებზე ქართველ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს გაესაუბრა: "მათი თქმით, ჩანს, რომ საქართველო ახლოს არის ხაზთან, რომლის მიღმაც დემოკრატიის აღდგენა ძალიან რთული იქნება".
დასავლური მედია ქართული ეკონომიკის რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდაზეც წერს.
"შავი ზღვის რეგიონში, ნავთობისა და გაზის მილსადენების კვეთის ადგილას, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, საქართველოს თეორიულად შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დასავლეთის გამბიტში, მოახდინოს ენერგეტიკის დივერსიფიკაცია და სავაჭრო მარშრუტები რუსეთს დააშოროს...
...ამავე დროს, საქართველოში ნავთობის 45% რუსეთიდან არის იმპორტირებული, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 8% იყო, მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს", - წერს Reuters-ი.
შეჯამების სახით, ჟურნალისტი საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნაზეც წერს. სტატიაში საუბარია როგორც ოპოზიციური პარტიებისა და ლიდერების, ასევე "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის დევნაზე.
სტატია პარტია "ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას ციტატით სრულდება: "საქართველო უბრალოდ გაქრა არა მხოლოდ ევროპული მაგიდიდან, არამედ გლობალური სცენიდანაც. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას".




























