ხვალ ძალიან ბევრნი ვიქნებით და მეც თქვენთან ერთად ვიქნები, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ მარშს დაესწრება.
"მე დარწმუნებული ვარ ჩვენ უარს ვეტყვით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს. ის გზა, რომელზეც ახლა ვდგავართ, არის გზა განვითარებისა, მშვიდობისა, განათლების ვიცი, რომ არის მუქარა, ზეწოლა. თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ არაფრის, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში თქვენი ყველა ხმის იქ მიტანის, სადაც გადაწყდება ჩვენი ერთობლივი მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ქვეყანაში, რადგან ის ოთხი მთავარი ძალა, რჩება ერთგული ქარტიისა.
"ესაა ის, რაც ყველაზე მთავარია, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას თვითონ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით, რომელი პარტია უფრო ახლოსაა თქვენს სურვილებთან და გემოვნებასთან, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისთვის, ჯამი ამ ხმებისა, მიგვიყვანს ევროპაში, ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულების გარეშე. თქვენ აირჩიეთ, რომელი გირჩევნიათ და ყველა წავალთ ამ გზაზე", - აღნიშნა მან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი პარტნიორები ჩვენ გვერდით დგანან და ამის დამადასტურებელი არის ბრიუსელის ბოლო განცხადებები. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დღეს შეხვდა ევროკავშირის ელჩს, - "მან არამხოლოდ გამიმეორა მხარდაჭერა, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი ისინი დაინახავენ ნებას, რომ დავუბრუნდეთ ევროპას, მაშინვე დაგვაბრუნებენ ევროპის გზაზე, მაშინვე აღდგება დახმარებები და ყველანაირი მხარდაჭერა", - განაცხადა პრეზიდენტმა.