მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალ გერმანიის საპარლამენტო არჩევნები ტარდება - როგორია პროგნოზები?

არჩევნები

“შუქნიშნის კოალიციის” დაშლის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში კვირას, 23 თებერვალს ჩატარდება. სოციალური კვლევები კი აჩვენებს, რომ არჩევნებს ახალი კანცლერი და ახალი მმართველი კოალიცია მოჰყვება.

გასული წლის ნოემბერში კანცლერმა ოლაფ შოლცმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია) თანამდებობიდან გადააყენა ფინანსთა მინისტრი, რასაც კოალიციის დაშლა მოჰყვა. შოლცმა პარლამენტში ნდობის კენჭისყრა წააგო და ვადამდელი არჩევნების თარიღი ჩანიშნა.

ამავე დროს, რამდენიმე თვეა გერმანიასა და მსოფლიოში, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” პოპულარობას იკრებს. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ AfD-ს აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში რიგით მეორე უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფად იქცეს, რაც გერმანიის ნაცისტური ეპოქის შემდეგ არ მომხდარა.

საარჩევნო კამპანიების ძირითადი ხაზი გერმანიის ეკონომიკის გაძლიერება და უკონტროლო მიგრაციასთან ბრძოლაა.

გერმანიის კანცლერობის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ამჟამად “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” (ანგელა მერკელის პარტია) წევრი ფრიდრიხ მერცია, რომელიც, როგორც წესი, სტაბილურად იღებს წინასწარ გამოკითხვებში საშუალოდ 30%-ს. მოსალოდნელია, რომ მმართველ კოალიციას სწორედ ქრისტიან-დემოკრატები და ქრისტიან-სოციალისტები ჩამოაყალიბებენ.

AfD-ის კანდიდატი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ელის ვეიდელია, რომელიც განსაკუთრებით კარგ შედეგებს რეგიონული არჩევნების ჭრილში აჩვენებს. წინასწარი გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ პოპულარობა ეროვნულ დონეზეც ითარგმნა. მოსალოდნელია, რომ პარტია ხმათა 20%-ს და მეორე ადგილს მოიპოვებს.

რაც შეეხება ოლაფ შოლცს, ის ხვალინდელ არჩევნებზე ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული კანდიდატია. შოლცის პარტიამ 2021 წელს ხმათა ყველაზე მაღალი პროცენტი დააგროვა, თუმცა წლევანდელი შედეგები აჩვენებს, რომ SPD-ის პოპულარობა 10 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. ამ შედეგით სოციალ-დემოკრატები მესამე ადგილისთვის მწვანე პარტიას დაუპირისპირდება.

იქიდან გამომდინარე რომ, როგორც წესი, ვერც ერთი პარტია ხმათა 50%-ს ვერ აგროვებს, გერმანიაში კოალიციური მმართველობა ყალიბდება. წლევანდელი არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის რამდენიმე შესაძლო კომბინაცია არსებობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა პარტია უარს ამბობს AfD-სთან თანამშრომლობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები