ხვალ, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.
"„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება. ისინი პარლამენტთან გათენებას აპირებენ, რათა 25 ნოემბრის დილას დაგეგმილი პარლამენტის I შეკრება გააპროტესტონ. დაგეგმილ პროტესტთან დაკავშირებით, დღეს შსს-მაც გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.