"ეს დიდი დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის", - ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროკავშირში ხვალვე გაწევრიანება სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების და უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, ასევე ღვინის სექტორის ჩამოშლას გამოიწვევს.
კობახიძეს არ განუმარტავს, რატომ გამოიწვევს საქართველოს EU-ში გაწევრიანება ღვინის სექტორის ჩამონგრევას, თუმცა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იმ სავარაუდო პრობლემებზე საუბრობდა, რომლებიც, შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვეს.
"შეიძლება იმაზე იყო საუბარი, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები თუ გაუქმდება, ეს დიდი დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, მაგრამ დღეს მაგაზე სასაუბროდ არ ვართ მოსული. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა და მთავარი ამოცანა ამ პროგრამის შესრულებაა.
მას საუბარი ექნებოდა იმაზე, ხვალ რომ რაღაც მოხდეს, რას გამოიწვევს ეს. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული კატაკლიზმები. ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ადაპტაცია განვახორციელოთ. მზაობაზე არ არის. მარტივ რაღაცაზეა საუბარი, შენ რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შეიძლება მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთ ქვეყანასთან, რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურიზმის შემცირებას, ალბათ ამაზე ჰქონდა საუბარი", - ამბობს ირაკლი კობახიძე.