მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ ცივილიზაციურ არჩევანს გავაკეთებთ, ვირჩევთ EU-ს ან გლობალურ სამყაროს სრულად ვეთიშებით - საბა ბრაჭველი

იურისტი

"ხვალ ჩვენ მართლა ცივილიზაციურ არჩევანს გავაკეთებთ",- ამის შესახებ იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს.

იურისტი აღნიშნავს, რომ ან უნდა ავირჩიოთ ევროკავშირი და დასავლური ცივილიზაციისკენ სვლა, ან ავტორიტარული ერთმმართველობა, რაც ქვეყნის გლობალური სამყაროსგან გამოთიშვას გამოიწვევს.

საბა ბრაჭველი სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებსაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ დასავლური დემოკრატიებისთვის კარგი წელი იყო. ამასთან, ის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"2024 გამორჩეულად კარგი წელია დასავლური დემოკრატიებისთვის. სადაც არჩევნები ჩატარდა, ან არსებული ხელისუფლება შეიცვალა (პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო), ან ავტორიტარების ძალაუფლება შეირყა (მუნიციპალური არჩევნები წააგო ერდოღანმა თურქეთში, ორბანმა - ბუდაპეშტში - სხვათა შორის, სულ ორასამდე ხმით), პროევრუპული არჩევანი გააკეთა მოლდოვამ; ნეონაცისტურმა, იზოლაციონისტურმა ან ულტრამემარჯვენე ძალებმა სათავეში მოსვლა ვერ შეძლეს საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ევროკავშირის პარლამენტში; ირანშიც კი ისეთი პრეზიდენტი აირჩია ხალხმა, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობის განახლებას ითხოვს და ისრაელთან მოლაპარაკების მოსურნეა. მხოლოდ სლოვაკეთში აირჩიეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი (მეორე რაუნდში), ხოლო არაფერი შეცვლილა და ავტორიტარების ძალაუფლება არ შერყეულა მხოლოდ რუსეთის, ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის "არჩევნებში".

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებიდან, წელს ორიღა დარჩა - ჩვენ და ამერიკა. აშშ-ში ხმის მიცემა უკვე დაწყებულია (early voting) და ტრენდი ისეთია, რომ ამომრჩეველთა არნახული აქტივობა დაიდება, რაც თითქმის ყოველთვის დემოკრატებს აძლევს ხელს. არჩევანი უკვე 30 მილიონმა ამერიკელმა გააკეთა. ამათგან, 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა იქაურ ჯორჯიაში, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 30% და აქტივობის აბსოლუტური რეკორდია. ასეთივეა მაჩვენებელი ჩრდილოეთ კაროლინაში, ხოლო დანარჩენ 5 მერყევ შტატში ამ ნიშნულმა 20%-ს მიაღწია. მათი უმეტესობა ქალები და დემოკრატები არიან. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ წინასწარი ხმის მიცემის გამო ტრამპს კიდევ ერთი ტანტრუმი დაემართება.

ჰოდა, ჩვენღა ვრჩებით. ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც ერთი პარტია 16 წლის განმავლობაში მართავდეს. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი ანომალია არ ხდება. ხვალ ჩვენ მართლა ცივილიზაციურ არჩევანს გავაკეთებთ - ან ვირჩევთ ევროკავშირს და ვაგრძელებთ დასავლური ცივილიზაციისკენ სვლას, ან ვირჩევთ ავტორიტარულ, ფეოდალურ ერთმმართველობას და იზოლაციონიზმის საფარველქვეშ გლობალურ სამყაროს სრულად ვეთიშებით.

წადით მეგობრებო ხმის მისაცემად. გაიყოლეთ სხვებიც. შემოხაზეთ ოთხი მთავარი რიცხვიდან რომელიმე. ისეთი წელი გამოდის 2024, მართლა შვილიშვილებს რომ მოვუყვებით - აქციებზეც, ფეხბურთზეც და არჩევნებზეც. ჩვენი ხანგრძლივი ბრძოლა უკვე გამარჯვებას უახლოვდება",- წერს იურისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები