მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი ლეგიტიმური იქნება. ვისაც არ უნდა, ნუ შემოვა - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის შენობა

პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის საკითხი თავად ოპოზიციის გადასაწყვეტია და პარლამენტი ყველა შემთხვევაში ლეგიტიმური იქნება.

კობახიძეს ბრიფინგზე ჰკითხეს, აქვს თუ არა მოლოდინი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაზეც მან აღნიშნა, რომ ეს მმართველი პარტიისთვის საინტერესო საკითხს არ წარმოადგენს და საპარლამენტო მუშაობისთვის ღირებული არც ერთი ოპოზიციური პარტია არაა.

"ჩვენთვის ეს არა არის მაინც და მაინც საინტერესო საკითხი. მაინც და მაინც ღირებული არც ერთი პარტია და მათი არც ერთი წარმომადგენელი არ იქნება პარლამენტისთვის. თქვენ იცით, რა პარტიებზეა საუბარი და რა სახეები ჰყავთ საკუთარ პარტიებში. საუბარია ნაცმოძრაობაზე, ისე მეორე ნაცმოძრაობაზე, ისე მესამე ნაცმოძრაობაზე და მეოთხე ნაცმოძრაობაზე. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არც ერთი მათგანი არ არის საინტერესო საპარლამენტო მუშაობისთვის. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ვერ დავკავდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ. მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა. ასეც და ისეც, რა თქმა უნდა, პარლამენტი ლეგიტიმური იქნება. ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას, რაც 4 წლის წინ განახორციელეს",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ცესკოს ინფორმაციით, 10:30 საათისთვის, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება:

  1. "ქართული ოცნება" - 54.08%
  2. "კოალიცია ცვლილებებისთვის" გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.92%
  3. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10.12%
  4. "ძლიერი საქართველო" - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.78%
  5. "გახარია საქართველოსთვის" - 7.76%

როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, შედეგების აღიარებას არ აპირებს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. შესაბამისად, ლეგიტიმურობისთვის 150-წევრიან პარლამენტში მინიმუმ 100 დეპუტატი უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები