"ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების პირველადმა შედეგებმა ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამის შესახებ კობახიძემ ეუთო/ოდირის პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარების.
"თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული. არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნები იყო ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რაც გაკეთდა. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას და პროცესების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ "არჩეულ ხელისუფლებაზე" - ვციტირებ - "გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე", რაც პირდაპირ ნიშნავს, ბუნებრივია, მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მათი ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ღიაობა.
კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს. არჩევნები არის შემდგარი. უახლოეს მომავალში უკვე შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც არის რა თქმა უნდა მთავარი ინტერესი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის", - თქვა კობახიძემ.
საკითხზე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ასევე ამბობს, რომ კითხვის ნიშნები აღარ არ არის და შედეგების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს.
"მინდა გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის პირველად შედეგებს და ანგარიშთან დაკავშირებით მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ ვიხილეთ მანამდე შუალედური ანგარიში, რომელიც ვნახეთ, რომ ასახავდა წინა საარჩევნო პერიოდს და ვნახეთ, რომ აღწერილი იყო წინა საარჩევნო პერიოდი, როგორც მშვიდი პერიოდი, როდესაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა თანაბარ გარემოში ეწარმოებინა კამპანია.
დღეს უკვე საუბარი იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით საარჩევნო დღესთან დაკავშირებით და ვნახეთ ეუთო/ოდირის მხრიდან შეფასების მთავარი დასკვნა, რომელიც შეეხება თავად არჩევნებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები აღარ არ არის, ის რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია.
დღეს ასევე დასრულდა, თითქმის ბოლომდე არის გასული შედეგების დათვლა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ვგულისხმობ საარჩევნო სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად საუბრობდა რეფერენდუმზე და ეს რეფერენდუმი შედგა და ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა ამ რეფერენდუმზე, იმით, რომ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდ განვითარებას, საქართველოს განვითარებას ისე, რომ მისი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი, საქართველოს განვითარებას ევროპის მიმართულებით, ისე, რომ ევროკავშირში შევიდეთ მშვიდობით, შევიდეთ ღირსებით და შევიდეთ კეთილდღეობით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად გაიმეორა 2012 წლის შედეგები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო პრინციპული არჩევნები ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება ამ არჩევნებზე.
რაც შეეხება უკვე თავად პარლამენტს, როგორც იცით, ახლა მიდის პროცედურები თავად საარჩევნო კომისიაში. დასრულდება დათვლა, ასევე სხვა პროცესები საჩივრებთან დაკავშირებით. დამოკიდებულია იმაზე თუ საჩივრების განხილვის ვადები როგორ იქნება და ა.შ. პროცესები, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება შემაჯამებელი ოქმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და შემდგომ ამისი იცით, რომ კონსტიტუციით დადგენილი არის 10-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორის, საფრანგეთის სენატის წევრის პასკალ ალიზარდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი ცესკოს მიერ კარგად იყო ორგანიზებული, გარემო იყო დაძაბული და ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. ამის შესახებ მან მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"განსაკუთრებული ზეწოლა იყო ამომრჩევლებზე, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე. კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ბადებს ეჭვებს რამდენად შეეძლო ამომრჩეველს ხმა მიეცა დაშინების და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე", - აღნიშნა მან.