ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი, საფრანგეთის სენატის წევრი პასკალ ალიზარდი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი ცესკოს მიერ კარგად იყო ორგანიზებული, გარემო იყო დაძაბული და ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. ამის შესახებ მან მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია 530 დამკვირვებლისგან შედგებოდა, რომლებიც 42 ქვეყნიდან იყვნენ და ქვეყნის მასშტაბით იყვნენ გადანაწილებულები, მათ შორის იყო 380 ეუთო/ოდირის დამკვირვებელი და ექსპერტი, 61 საპარლამენტო დამკვირვებელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 39 იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეიდან , 38 ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ხოლო 12 ევროპარლამენტიდან.
პასკალ ალიზარდი განმარტავს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ეფუძნება, კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ შეფასებას, რასაც თან ახლავს გრძელვადიანი და თვისებრივი მონიტორინგის შედეგები.
მისიის მიერ შემდეგი ძირითადი შეფასებები გაკეთდა: მიუღებელი საარჩევნო კამპანიის რიტორიკა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აღრიცხვიანობა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, რაც არჩევანის თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს, საარჩევნო კამპანიისას ფინანსური რესურსების დისბალანსი, დაძაბული გარემო და ხმის ფარულობის დარღვევა.
"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს საკმაოდ დიდი არჩევანის შესაძლებლობა მისცა, რადგან 18 კანდიდატი იყო წარდგენილი. ასევე აქ გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა კამპანიის რიტორიკა და მისი იმიჯი ძალიან დიდი განხეთქილების შემომტანი იყო. განსაკუთრებული ზეწოლა იყო ამომრჩევლებზე, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე. კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ბადებს ეჭვებს რამდენად შეეძლო ამომრჩეველს ხმა მიეცა დაშინების და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე.
საკანონმდებლო ჩარჩო დემოკრატიული არჩევნებისთვის ადეკვატურ საფუძველს იძლევა, მაგრამ ხშირი და ბოლოდროინდელი ცვლილებები ეჭვს ბადებს მისი ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური გამორჩენის მიზნით.
კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად იყო ადმინისტრირებული. საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
აღსანიშნავია, მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს. პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე, აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.
კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტიანობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ, ასევე არსებობდა ეჭვები იმაზე, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგანოსი და იბადებოდა ეჭვები მისი მიუკერძოებლობის მიმართ.
პარტიულ კამპანიებში ქალების ნაკლები წარმომადგენლობა აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება, უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში.
კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა და იყო პროცედურული შეუთავსებლობებსა და დარღვევებზე. იყო შეტყობინებები იმის შესახებ, რომ დაშინების და ზეწოლის გამო ამომრჩევლები უარყოფით გავლენას განიცდიდნენ, რამაც პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ეს ზოგადი სურათია.
წელს საპარლამენტო არჩევნები, საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის დროს იმართება. ქვეყნის ევროპული გზა და მისი გაწევრიანების მომავალი ეს საარჩევნო კამპანიის დროს ნამდვილად დიდი განხილვების საგანი იყო. ამ დროის განმავლობაში ის ადამიანები, რომლებსაც ვხვდებოდით ხაზს უსვამდნენ, რამდენად საჭიროა რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. ფინანსური რესურსების მხრივ დისბალანსი, ასევე კამპანიის განხორციელებისას განხეთქილების შემომტანი ატმოსფერო და ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები უმნიშვნელოვანესი იყო ამ საარჩევნო პროცესში.
არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობა მაღალი იყო, პარტიის დამკვირვებლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი - ეს არის ნიშანი, რომ ეს სისტემა იზრდება და ვითარდება და დემოკრატია ნამდვილად განვითარების პროცესშია.
გუშინ საარჩევნო პროცესებში ელექტრონული მოწყობილობები პირველად გამოიყენეს და საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა იმისთვის, რომ ამომრჩევლისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა", - განაცხადა პასკალ ალიზარდიმ და იმედი გამოთქვა: "გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ამ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ეფექტიანად გაუმკლავდება და იმედი მაქვს, უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება".