კიდევ ერთი საჯარო მოხელე აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროს მთავარი სპეციალისტი თაკო კავკასიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი გათავისუფლების მიზეზი იმ პეტიციაზე ხელის მოწერა გახდა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვას და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გულისხმობდა, რაც "სისტემამ ვერ აიტანა".
"სამინისტროს გაყოფის შემდეგ ჩემი დეპარტამენტი მოხვდა რეგიონული განვითარების სამინისტროში საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, პარტიამ და მისმა წარმომადგენელმა მინისტრმა, კახა გულედანმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ორი თანამშრომელი, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა, შეუფერებელი იყო აღნიშნულ პოზიციაზე. ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი, საქართველოს აუცილებლად ექნება ევროპული მომავალი. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ", - წერს კავკასიძე.
მისი თქმით, ამით დასრულდა მისი 10-წლიანი მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ცნობისთვის, გასულ თვეს, საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 800-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან, მათ შორის 200 მხოლოდ საჯარო რეესტრიდან. არსებული ინფორმაციით, ისინი დაისაჯნენ მთავრობის გადაწყვეტილების კრიტიკისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას უკავშირდება.




























