მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტის განხორციელების საქმეში - კობახიძე

პრემიერი

„ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული, სრულიად უსამართლოდ, თუმცა არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის სრული ხელშეწყობა არსებობდა და ეს საკითხი კონსტიტუციურ გარანტიამდეც კი მივიდა.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტის განხორციელების საქმეში, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა აბსოლუტურად ყველაფერი ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ იყო სრული ხელშეწყობა და კონსტიტუციის დონეზეც ჩავდეთ გარანტიები, იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო, მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმისადმი საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მოქმედებები სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული იყო.

ცნობისთვის, საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“ (ICSID-ის საქმე # ARB/20/28) მეიერმა დავა წააგო და 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ, დავა არბიტრაჟში 2020 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაც დაიწყო.კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც ინვესტორს ხელი შეეშალა და პროექტის განხორციელება ვერ მოხდა.

აღნიშნულ დავაში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი იცავდა, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში მომსახურების გასამრჯელოს სახით 70 მილიონი ლარი მიიღო.

პარიზის არბიტრაჟმა განაჩენი 2024 წლის 30 ივლისს გამოიტანა და კონსორციუმის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები