კიდევ, სულ მცირე, 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგება არ ვაპირებთ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ.
12 წლის მანძილზე, „ქართული ოცნების“ მმართველობამ საქართველოს, დემოკრატიულთან ერთად, ეკონომიკური გარდატეხაც მოუტანა:
28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების დაფინანსება, მილიონ 100 ათასიდან თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს", - განაცხადა კობახიძემ.