კილიან მბაპესა და მის ყოფილ გუნდს, “პარი სენ-ჟერმენს” შორის დიდხნიანი სასამართლო დავა მბაპეს გამარჯვებით დასრულდა. მიღებული გადაწყვეტილებით, ფრანგულმა სასამართლომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ფეხბურთელისთვის 61 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
გუნდსა და ფეხბურთელს შორის დავის საგანი “პსჟ-ს” მხრიდან კილიანისთვის გადაუხდელი ანაზღაურება იყო. საფრანგეთის შრომის სასამართლომ დაასკვნა, რომ პარიზულმა გუნდმა თავის ვარსკვლავს ხელფასი და ბონუსები მისი კლუბში ყოფნის ბოლო პერიოდში უკანონოდ დაუკავა. “პსჟ-მ” მბაპეს 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის ხელფასები, ამავდროულად კონტრაქტით გათვალისწინებული ბონუსები და მისი კლუბში გაფორმებისთვის გათვალისწინებული ბოლო შენატანი არ გადაუხადა. საბოლოო თანხა, რომელიც 61 მილიონ ევროს შეადგენს, იქამდე საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის მიერაც იყო აღიარებული წლის დასაწყისში, რასაც “პსჟ” არ ეთანხმებოდა.
ამის საპირისპიროდ, სასამართლომ “პსჟ-ს” მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი არცერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. ფრანგი ფორვარდის სარჩელის საპასუხოდ, დედაქალაქური გუნდი ფეხბურთელს ზეპირი, შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა და მისგან 440 მილიონ ევროს იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ მბაპეს მიერ გუნდის უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების შედეგად, გუნდმა ამ თანხით იზარალა. სასამართლომ პარიზული გუნდის მიერ წარმოდგენილი საფუძველი - თითქოს მბაპემ თავის ანაზღაურებაზე უარი თქვა, რათა 2023 წლის აგვისტოში გუნდის განაცხადში დაბრუნებულიყო - კანონიერად არ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ წაგებულმა მხარემ “მადრიდის რეალის” ვარსკვლავს აღნიშნული თანხა (61 მილიონი ევრო) სასწრაფოდ უნდა გადაუხადოს. როგორც ცნობილია, “პსჟ” ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზედა ინსტანციაში მაინც აპირებს.



























