2026 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლა უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და არაპროგნოზირებადია. ბოლო წლებისგან განსხვავებით, როდესაც ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლა ხშირად რამდენიმე სუპერვარსკვლავის დუელამდე დადიოდა, ამჯერად ფავორიტთა წრე გაცილებით ფართოა.
ჰარი კეინი, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია, მაიკლ ოლისე, როდრი, ერლინგ ჰაალანდი, ლიონელ მესი და სხვები იმ ფეხბურთელებს შორის არიან, რომელთა სეზონიც ოქროს ბურთის მოსაგებად საკმარისად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. თუმცა საბოლოო შეფასებაში მხოლოდ გოლები და ტიტულები არ ითვლება, France Football-ის ოფიციალური კრიტერიუმებით, პირველ ადგილზე ინდივიდუალური თამაში, გადამწყვეტი და შთამბეჭდავი შესრულება დგას, შემდეგ მოდის გუნდური წარმატება და ტიტულები, ხოლო მესამე კრიტერიუმი კლასსა და ფეარ-პლეის ეხება.
ამ მომენტისთვის ყველაზე ხშირად დასახელებულ ფავორიტად ჰარი კეინი რჩება. ინგლისელი თავდამსხმელის სასარგებლოდ პრაქტიკულად ბევრი რამ მეტყველებს: ინდივიდუალური სტატისტიკა, საკლუბო ტიტულები, ჩემპიონთა ლიგის შედეგები და ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ბრინჯაოს მედალი. კეინმა 2025/26 წლების სეზონში მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით 51 მატჩში 61 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დააგროვა. მან ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობა და ევროპული ოქროს ბუციც მოიგო, ხოლო „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი და თასი დაიპყრო.
თუმცა კეინის მთავარი პრობლემა ერთია - ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო. თანამედროვე ოქროს ბურთის ისტორიაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის წარმატება ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა.
ამიტომაც, მეორე დიდი კანდიდატი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა ხვიჩა კვარაცხელიაა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშა, რადგან საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. შესაბამისად, მას აკლია ის ტურნირი, რომელმაც 2026 წლის სხვა ფავორიტების შემთხვევაში შეფასებაზე დიდი გავლენა მოახდინა. თუმცა სწორედ ამის ფონზე ქართველის საკლუბო სეზონი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება.
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. UEFA-ს ტექნიკურმა ჯგუფმა მას 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა. ქართველმა 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დააგროვა და განსაკუთრებით გამორჩეული იყო პლეი-ოფში, სადაც არცერთი თამაში შედეგიანი ქმედების გარეშე არ დაუტოვებია. საბოლოოდ, პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.
თუ ოქროს ბურთის ამომრჩევლები საკლუბო სეზონის ყველაზე მაღალ დონეზე მიღწეულ შედეგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებენ, ქართველი რეალური გამარჯვების კანდიდატი ხდება. მისი კანდიდატურა განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომაც, რომ ის ერთადერთი ნომინანტია 2026 წლის სიაში, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. სწორედ ამიტომ, თუ საბოლოოდ ოქროს ბურთს მოიგებს, მისი გამარჯვება კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ინდივიდუალური სეზონი და ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი როლი შეიძლება მუნდიალის არყოფნის კომპენსაციად იქცეს.
ერთდროულად მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო და "ბარსელონასთან" ერთად უმნიშვნელოვანესი ტიტულები მოიპოვა ლამინ იამალმა. 2026 წლის სეზონში იამალი „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა. მან ესპანეთთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, „ბარსელონასთან“ ერთად კი ლა ლიგის ტიტული და ესპანეთის სუპერთასი დაისაკუთრა. კლუბში მან ჩემპიონატში 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამ კი მისი კანდიდატურა კიდევ უფრო გააძლიერა.
უმნიშვნელოვანესი კანდიდატია კილიან მბაპეც. ფრანგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს ყველაზე სტაბილურ სუპერვარსკვლავებს შორისაა. მსოფლიო ჩემპიონატზე კილიანმა საფრანგეთის მაისურით ოქროს ბუცი მოიგო და ტურნირი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რანგში დაასრულა.
მბაპეს პრობლემა ის არის, რომ ინდივიდუალურად შესანიშნავი ტურნირის მიუხედავად, ვერც მადრიდის "რეალის" და ვერც საფრანგეთის შემადგენლობაში მბაპემ ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო. თუმცა, თუ ჟურნალისტები უფრო მეტად ინდივიდუალურ შესრულებასა და გოლების რაოდენობას მიანიჭებენ მნიშვნელობას, მბაპეს შანსები კვლავ ძალიან მაღალია.
თუ ამ ეტაპზე ექსპერტთა შეფასებებსა და სეზონის მთავარ ფაქტორებს ერთ სურათად შევკრავთ, ოქროს ბურთის ბრძოლაში სამი ფეხბურთელი განსაკუთრებით გამოირჩევა - ჰარი კეინი, ლამინ იამალი და კილიან მბაპე. კეინს აქვს წარმოუდგენელი სტატისტიკა, ტიტულები და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი; იამალმა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, მბაპეს აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს ბუცი და გამორჩეული ინდივიდუალური სტატისტიკა. სწორედ ამ სამეულს შორის ბრძოლას უწოდებს სპორტული მედიის ნაწილი ყველაზე რეალისტურ სცენარს. მიმდინარე საბუკმეკერო კოეფიციენტებიც კეინს, იამალსა და მბაპეს სამ მთავარ კანდიდატად გამოყოფს.
მაგრამ ამ სამეულს ძალიან ახლოს მიჰყვება ხვიჩა კვარაცხელია და სწორედ აქ შეიძლება 2026 წლის ოქროს ბურთის ყველაზე საინტერესო ისტორია დაიწეროს. ქართველი არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და პლეი-ოფში არაერთხელ იქცა PSG-ის გადამწყვეტ მოთამაშედ. თუ ამომრჩევლებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები ინდივიდუალური კლასი და გადამწყვეტ მატჩებში გავლენა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ფაქტორი, კვარაცხელია შეიძლება საბოლოო სამეულშიც კი აღმოჩნდეს და, უფრო მეტიც, მთავარი პრიზისთვის ბოლომდე იბრძოლოს.
სწორედ ამ რამდენიმე ნარატივის გამო არის წლევანდელი ოქროს ბურთის დავა უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული.
საბოლოო პასუხი 26 ოქტომბერს, ლონდონში გახდება ცნობილი, თუმცა ამჟამად ერთი რამ ცხადია - 2026 წლის ოქროს ბურთი წლების ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოსაცნობი ჯილდოა. France Football-ის წესების მიხედვით, გამარჯვებულს 100 ქვეყნის ჟურნალისტები ირჩევენ, თითოეულ მათგანს კი საკუთარი ათეული შეჰყავს. პირველი ადგილი 15 ქულას იღებს, შემდეგ კი ქულები თანდათან მცირდება. სწორედ ამ მრავალფეროვანმა ხმებმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს კეინის, იამალის, მბაპეს, კვარაცხელიასა და დანარჩენი ფავორიტების ბედი.






















