მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაწყვიტეს ჩინურმა ბრენდებმა კილიან მბაპესთან კონტრაქტები?

მბაპე ჩინურ ბრენდებზე

რამდენიმე ჩინურმა ბრენდმა ფრანგ ფეხბურთელ კილიან მბაპესთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის მიზეზი ინტერნეტში აგორებული უკმაყოფილება გახდა, რაც მის მიერ ჩინეთის გარდაცვლილი ლიდერის, მაო ძედუნის მისამართით გაკეთებულ სავარაუდო კომენტარებს მოჰყვა.
მბაპემ ფრანგულ ტოქ-შოუ The Bridge-ში, განაცხადა, რომ მიმი, რომელზედაც ყველაზე მეტად ეცინება არის ვიდეო, "სადაც ჩანს ტიპი, ჩინელი დიქტატორი".
სანამ ის საუბრობს, ეკრანზე შოუს ორგანიზატორებმა გამოაჩინეს ფოტო, სადაც მისი სახე მაო ძედუნის გამოსახულებაზეა დადებული.

მბაპეს მაო სახელით არ მოუხსენიებია და ორიგინალი ვიდეო გადაცემის YouTube არხზე აღარ იძებნება, თუმცა ვიდეოს სქრინშოტები ჩინურ სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა.
მბაპეს ჩინეთში მნიშვნელოვანი კომერციული წარმომადგენლობა აქვს.

მომხდარს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა: „ჩვენ გავეცანით შესაბამის ცნობებს. სიტყვები და ქმედებები, რომლებიც ჩინელი ხალხის გრძნობებს შეურაცხყოფს, ბუნებრივია, ჩინური საზოგადოების ყველა სექტორის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდება.“

ამ თემაზე კომენტარი ჯერ არც მბაპეს და არც გადაცემა The Bridge-ს არ გაუკეთებიათ.

ინტერნეტში უკმაყოფილების ტალღა სწრაფად აგორდა. მომხმარებელთა ნაწილი აკრიტიკებდა მბაპეს, რომელიც ჩინეთში ძალიან პოპულარულია და მსხვილი ბრენდებისგან უამრავ სარეკლამო კონტრაქტს იღებს - იმაში, რომ ის „მოგებას იღებს ჩინური ბაზრიდან, თუმცა აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ჩინურ საზოგადოებას შეურაცხყოფს“.

შედეგად, ორმა ჩინურმა გიგანტმა კომპანიამ, სპორტის სასმელების მწარმოებელმა Dongpeng-მა და რძის პროდუქტების მწარმოებელმა Mengniu-მ მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის სუპერვარსკვლავთან სასპონსორო ხელშეკრულებები გაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს, რომლის დებიუტიც „რეალში“ 2024 წლის აგვისტოში შედგა, საფეხბურთო სამყაროში მეტსახელად „დიქტატორი“ შეარქვეს საკლუბო და საერთაშორისო საფეხბურთო ოპერაციებზე მისი გავლენისა და კონტროლის გამო.

ცნობისთვის, მაომ კომუნისტური ჩინეთი 1949 წელს დააფუძნა და ქვეყანას 1960-იან და 1970-იან წლების მღელვარე ათწლეულებში მართავდა. სწრაფი ინდუსტრიალიზაციის მისმა მცდელობამ, რასაც მან „დიდი ნახტომი“ უწოდა, გამოიწვია შიმშილობა, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ამას მოჰყვა „კულტურული რევოლუცია“: სასტიკი წმენდა ყველასი, ვინც კომუნიზმისთვის საფრთხედ აღიქმებოდა, მათ შორის ჩინელი ინტელექტუალების, მიწათმფლობელების, ხელოვანებისა და ხშირად პარტიის შიგნით არსებული კონკურენტების.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები