მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კინოს ოქროს სტანდარტი – რა გამოარჩევს IMAX-ს?

ნოლანი

2024 წლის ოსკარების დაჯილდოების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ იყო. რობერტ ოპენჰაიმერის ისტორიის გასაცოცხლებლად აწ უკვე ოსკაროსანმა რეჟისორმა რთული გზა აირჩია, რაც ფილმის გადაღების პროცესში IMAX-ის 70-მილიმეტრიანი სტანდარტის გამოყენებას გულისხმობდა.

როგორც თავად ნოლანი ამბობს, ეს არის ოქროს სტანდარტი და მასზე უკეთესი არაფერი შექმნილა, სწორედ ამიტომ მან თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი ამ სტანდარტით გადაიღო.

რა არის IMAX-ის სტანდარტი და რა გამოარჩევს მას? - დავიწყოთ იმით, რომ ეს არის 1970 წელს შექმნილი სისტემა, რომელიც კანადურ IMAX Corporation-ს ეკუთვნის და ის მოიცავს: კამერებს, პროექტორებს, ეკრანებს, აუდიოსისტემას და ფილმის უნიკალურ სტანდარტს.

IMAX-ის უნიკალურობას მისი კადრის ფორმატი განაპირობებს, რომელიც განსაკუთრებით მაღალია, რაც ტრადიციულ კინოთეატრებთან შედარებით არსებითად განსხვავებულია. შედარებისთვის, ტრადიციული ეკრანის ასპექტია 16:9, ხოლო IMAX-ისთვის დამახასიათებელია 1.43:1 ან 1.90:1, რაც კადრს უფრო კვადრატულ გამოსახულებას აძლევს, ვიდრე მართკუთხედულს.

მეორე უნიკალური თვისება 70-მილიმეტრიან ფირს უკავშირდება, რომელიც ტრადიციულ 35-მილიმეტრიან ფორმატთან შედარებით თითქმის 10-ჯერ დიდ გამოსახულებას აღბეჭდავს. გარდა ამისა, პროექტორში IMAX-ის ფირის გაშვებისას გამოიყენება ჰორიზონტალური გატარების მეთოდოლოგია, რომელიც გამოსახულებას უფრო მეტად ზრდის.

მესამე ფაქტორი ეკრანის კოლოსალური ზომებია, რომლის განცდა მხოლოდ კინოთეატრში ყოფნისასაა შესაძლებელი. როგორც წესი, IMAX-ის ეკრანი 3-ჯერ უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე ტრადიციული კინოთეატრის. სხვათა შორის, შტუტგარტში არსებულ ერთ-ერთ IMAX-თეატრში ეკრანის ზომა შეადგენს 38x22 მეტრს, რაც ზოგიერთ დარბაზზე უფრო დიდი ფართობია.

კოლოსალურ მასშტაბებთან ერთად, IMAX-ს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს და ეს მისი აუდიოსისტემაა, რომელიც სივრცითია და 3-განზომილებიან შეგრძნებას ქმნის. როგორც IMAX-ის წარმომადგენლები განმარტავენ, მაყურებელმა კინოთეატრში ბომბის აფეთქება კი არ უნდა გაიგოს, არამედ სხეულით უნდა იგრძნოს, რაც „ოპენჰაიმერის“ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ასპექტი იყო.

IMAX-ის სტანდარტის კინოთეატრს კიდევ ბევრი რამ გამოარჩევს, მათ შორისაა: იატაკის დახრის ექსტრემალური კუთხე, სავარძლების ფორმა, იატაკში ჩამონტაჟებული დინამიკების რაოდენობა, აკუსტიკა და ვიბრაციის სისტემა, რომელიც ფილმის გაცოცხლების საშუალებას აძლევს.

უნდა აღინიშნოს, რომ IMAX-ის რამდენიმე ვერსია არსებობს, ორი ძირითადი კი ციფრული და მექანიკურია. ციფრულის შემთხვევაში ლაზერული პროექტორი ფაილის ჩვენებას ახდენს, რომელიც, შესაძლოა, IMAX-ის ფორმატში არც იყოს გადაღებული. მექანიკური სისტემის შემთხვევაში პროექტორიცა და ფირიც IMAX-ის სტანდარტის უნდა იყოს. ასეთი პროექტორები საკმაოდ იშვიათია. მსოფლიოში სულ 30 კინოთეატრია, სადაც ჭეშმარიტად 70mm IMAX ეკრანია განთავსებული, მათი უმეტესობა კი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. დანარჩენ ადგილებში, უმეტესწილად, IMAX Laser-ის ტექნოლოგიის ეკრანებს შეხვდებით, ანუ ციფრულ პროექტორებს, რომელთა მოწყობა და ოპერირება გაცილებით იაფი და მარტივია.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, IMAX-ის სტანდარტი ფილმს დაუვიწყარ გრანდიოზულობას სძენს, სწორედ ამიტომ ნოლანმა „ოპენჰაიმერი“ IMAX-ით გადაიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები