მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კითხვებზე, რომლებიც [რუსულ კანონთან] მიმართებით ისმებოდა, პასუხები კვლავ ბუნდოვანია" - იურისტი

იუნით

"კითხვებზე, რომლებიც რუსულ კანონთან მიმართებით ისმებოდა, პასუხები კვლავ ბუნდოვანია" - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში იურიდიული სააგენტო Unit-ის მმართველი პარტნიორი ამბობს. ნიკა სიმონიშვილი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის იმ ბრძანების შინაარსს აფასებს, რომლითაც ე.წ. რუსული კანონის კანონქვემდებარე აქტებს განსაზღვრავს.

რატი ბრეგაძემ შესაბამისი ბრძანება 1 აგვისტოს, კანონის ამოქმედების დღეს გამოსცა. ბრძანებით "უცხო ძალის ინტერესების გამჭვირვალობის" რეესტრი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაექვემდებარა და ფინანსური დეკლარაციების წარდგენის პროტოკოლიც განისაზღვრა.

იურისტი ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად კანონქვემდებარე აქტების გამოცემისა, ბუნდოვანება, რომელიც კანონის გარშემო არსებობდა, არსად გამქრალა, მთავარ პრობლემად კი კვლავ მონიტორინგის მუხლი რჩება.

"როგორ შეუძლია იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის განხორციელება - წერილობითი კომუნიკაციის საფუძველზე თუ კონკრეტული ორგანიზაციის ოფისში მისვლით - ეს საკითხი კვლავ ბუნდოვანი დარჩა. არის ჩანაწერი, რომ ეროვნულ სააგენტოს შეუძლია, მოითხოვოს ინფორმაცია, მაგრამ ნათელი არ არის, ეს რა ფორმატში შეიძლება მოხდეს, ექნება თუ არა სააგენტოს იმის უფლებამოსილება, რომ ინფორმაცია ადგილზე მოსვლით ამოიღოს.

ფაქტობრივად, იუსტიციის მინისტრის ბრძანებამ კანონის ჩანაწერი გაიმეორა. კანონქვემდებარე აქტებში მონიტორინგის საკითხების დაკონკრეტება პასუხს მოგვცემდა იმასთან დაკავშირებით, როგორ ახორციელებს სააგენტო მონიტორინგს. იმისთვის, რომ ნორმა კონსტიტუციურად ჩაითვალოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროცედურა მისი ადრესატისთვის ცხადი და ნათელი უნდა იყოს", - განმარტავს სიმონიშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტრო ამ კანონს ოფისებში შემოწმების ჩასატარებლად გამოიყენებს, პროცედურის ლეგიტიმურობისთვის უნდა დამტკიცდეს, რომ ინფორმაციის მოპოვება სხვაგვარად შეუძლებელი იყო.

"თუ ნორმა წაკითხული იქნება იმგვარად, რომ სააგენტო შევა რომელიმე ორგანიზაციაში და ინფორმაციაში ქექვას და მის ამოღებას დაიწყებს, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ ქმედებას კონსტიტუციურად უნდა ჰქონდეს თავის მიზანი და უნდა დასტურდებოდეს, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება სხვაგვარად შეუძლებელია.

მაგრამ თუ სამინისტრო ამგვარ ქმედებას მიმართავს, მას არავითარი გამართლება არ ექნება და ვერც ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი იქნება. თვითონ ამ კანონს აქვს პრობლემა ლეგიტიმურობასთან და კონსტიტუციურობასთან, მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტსაც იგივე პრობლემა ექნება", - ამბობს სიმონიშვილი.

იურისტი პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემატურია მუხლი, რომლითაც სამინისტროს ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ფიზიკური პირების შემოწმებაც შეეძლებათ: "იგულისხმება ნებისმიერი პირი, ვისაც ოდნავი შემხებლობა მაინც აქვს კონკრეტულ სუბიექტთან - არის დასაქმებული, კონტრაქტორი ან ბენეფიციარი".

"რუსული კანონის" აღსრულებისთვის იუსტიციის სამინისტრომ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა

"რუსული კანონის" აღსრულებისთვის იუსტიციის მინისტრმა დანართები გამოსცა - სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები