მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს საავტომობილო ჰაბის პერსპექტივას" - რა გავლენა ექნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შეზღუდვას?

ჯდნცდ

ავტოიმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ნეგატიურად აისახება საქართველოდან მანქანების რეექსპორტზეც.

როგორც BMG-სთან Caucasus Auto Import-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, მართალია, შეზღუდვა პირდაპირ არ შეეხება ქვეყანაში რეექსპორტის მიზნით შემოყვანილ ავტომობილებს, თუმცა მას მაინც ექნება ამ მიმართულებაზე გავლენა.

ალექსანდრე ვეკუას განცხადებით, ავტოდილერებისთვის რისკები იზრდება, რადგან მათ შესაძლოა, რეექსპორტის მიზნით შემოყვანილი ავტომობილის რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე ვერ შეძლონ, შიდა ბაზარზე კი მათ რეგისტრაციას უკვე ვეღარ მოახერხებენ.

როგორც ალექსანდრე ვეკუა აცხადებს, რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ავტომობილების იმპორტზე მსგავსი მკაცრი შეზღუდვები არ მოქმედებს, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს ქვეყნები ნაწილობრივ ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთვებიან.

“ნებისმიერ შემთხვევაში ამას ექნება გავლენა, მათ შორის რეექსპორტისთვის შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობაზეც. ვინაიდან, როცა ავტომობილი შემოგყავთ მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მეტად დივერსიფიცირებული იყოს სარეალიზაციო ბაზრები. თქვენ როცა ერთ ქვეყანაზე ხართ დამოკიდებული, ეს სხვა არის და როცა რამდენიმე ქვეყანაზე - აქ რისკები გაცილებით ნაკლებია. ანუ, ამ მხრივ რისკს ცალსახად ზრდის რეალიზაციის და ეს პირდაპირი წესით აისახება მარჟებზე. კონკურენცია რაც უფრო ნაკლები იქნება ავტომობილის შესყიდვის დროს, მით უფრო ნაკლები იქნება ავტოდილერების მარჟებიც.

ამას გარდა, მაგალითად ყაზახეთში არ არის საერთოდ წლოვანებაზე შეზღუდვა, მათ ნებისმიერი ასაკის ავტომობილის შეყვანა შეუძლიათ და მათ შორის ისინი ჩვენთან 2014-2015 წლიან ავტომობილებსაც ყიდულობენ და გადის ექსპორტზე. ყირგიზეთში მაგალითად, შეზღუდვა არის 8 წელზე უფრო ძველი ავტომობილების იმპორტზე, აზერბაიჯანში - 10 წელზე უფრო ძველზე. ანუ იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ ეს რეგიონალურ მოთხოვნას პირდაპირ ადუბლირებს და სარკისებურად არის გამეორებული. მოთხოვნა არსებობს რეგიონში შედარებით უფრო ძველ ავტომობილებზეც, უფრო ბიუჯეტურ ავტომობილებზეც და ეს ცალსახად პირდაპირი წესით აისახება რეექსპორტის რაოდენობაზეც და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს, როგორც რეგიონალური საავტომობილო ჰაბის პერსპექტივას”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები