11 აპრილს ევროკომისიამ საქართველოს სპეციალური კითხვარი გადასცა, რომელიც სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების მოწოდებით დღეს მთავრობამ გაასაჯაროა.
ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი 369 შეკითხვისგან შედგება და ის თითქმის ყველა ძირითად საკითხს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის გამოგზავნილი შეკითხვების საერთო რაოდენობა რიცხობრივად გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში გაგზავნილა.
EPRC-ის უფროსი მკვლევარის, გიგი გიგიაძის შეფასებით, შეკითხვების რაოდენობა და პროცესის უჩვეულოდ სწრაფი ტემპით განვითარება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს პროცესი ევროკავშირის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
გიგიაძის განცხადებით, კითხვარის მიღებით ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, ახლა კი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად სწრაფად და სრულყოფილად გასცეს პასუხები შეკითხვებს, აღნიშნული პროცესი კი გამჭვირვალე და ინკლუზიური უნდა იყოს.
„ევროკავშირის წარმომადგენლები ელოდებიან, რომ ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად, კარგად და სრულყოფილად შევძლებთ გამოგზავნილი კითხვარის შევსებას. მთელი ეს პროცესი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური, რაც 24 თებერვალს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიითაა გამოწვეული.
24 თებერვლამდე ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა ევროკავშირთან, რათა მიგვეღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ხვდებით, რამხელა ნაბიჯი იქნა წინ გადადგმული ამ მიმართულებით? - ჩვენ ახლა უკვე ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც უდიდესი ნახტომია იმ რეალობიდან, რომელშიც თუნდაც ამ წლის დასაწყისში ვიყავით“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ „ანალიტიკის“ ეთერში.




























