მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც რუსეთი ყველაზე სუსტია, მაშინ დავიწყეთ ახლო ურთიერთობა. სამარცხვინოა“ - ინტერვიუ

648617708a90d
თელარა გელანტია
11.06.23 23:00
1081
2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და ამჟამად კანადის მთავრობის მრჩევლის ვერა ქობალიას აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ოლიგარქიულ მმართველობას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. რატომ არის საგანგაშო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, რას უნდა აკეთებდეს საქართველოს მთავრობა რუსეთისგან მაქსიმალური დისტანცირებისთვის და რა პოტენციალი გვაქვს დემოკრატიულ ქვეყნებთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებისთვის - ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც ვერა ქობალიას მოსაზრებები მოვისმინეთ.

- ვერა, 2021-2022 წლებში საქართველოში ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა, რისი ფუფუნებაც ხშირად არ ჰქონია ამ ქვეყანას. წელს, ხუთ თვეშიც ეკონომიკა 7%-ზე მეტად გაიზარდა. მთავრობა ირწმუნება, რომ ეს მათი სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის დამსახურებაა. თქვენი აზრით, რა ზრდის საქართველოს ეკონომიკას დღეს?

- ვფიქრობ, საქართველოს მთავრობაში იმდენად სულელები არ არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ ეს მონაცემები, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ აისახება. სტატისტიკურად ეს რიცხვები სწორია, მაგრამ ეს ზრდა დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციასთან; ისინი აქ არეგისტრირებენ რუსულ ბიზნესებს. როგორც ვიცით, მხოლოდ შარშან, აპრილ-ივნისში საქართველოში 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა. მიგრანტები ყიდულობენ მიწებს და ბინებს; ისინი გარკვეულ თანხას ხარჯავენ აქ და ამ ყველაფრის შედეგადაც დავინახეთ ეკონომიკის ორნიშნა ზრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობა ამას ასახავს, როგორც საქართველოს წარმატებას. ყველამ ხომ ვიცით, რუსეთი ისეთი ქვეყანაა, როცა მოუნდება ექსპორტსაც გააჩერებს, როგორც ეს 2006 წელს გააკეთა, როდესაც ღვინოს ემბარგო დაგვიწესა და იქ ვინც ცხოვრობენ, იმ ხალხსაც გამოუშვებენ... სიცრუეა ის ინფორმაციაც, რომელსაც მთავრობა ავრცელებს, რომ თითქოს 1 მლნ ქართველი ცხოვრობს რუსეთში. რა არის ამის წყარო?! სჯობს, ფაქტებზე ისაუბრონ და არა მოგონილ ინფორმაციაზე... ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს რუსეთის ეკონომიკაზე მიბმა საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში - ეს არის უშუქობა, კრიმინალი, რუსების „გულაობა“... ვნახეთ კადრებიც, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, როგორ დასეირნობენ „კადიროველები“....

- ფაქტია, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა, მზარდია ტურისტების თუ მიგრანტების დანახარჯები, ფულადი გზავნილები რუსეთიდან და ა.შ. თქვენი აზრით, რატომ არ აქვს გამართლება, დროებით მაინც ამ სიტუაციით სარგებლობას და შემოსავლის მიღებას იმ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა?

- მე არ მინდა, სხვა ადამიანები გავაკრიტიკო, მაგრამ ალბათ ყველა თავისი გადმოსახედიდან ფიქრობს, რომ ჩვენ არ გვაქვს პერსპექტივა, მეტი ევროპელი ან ამერიკელი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში ან მეტი ქართული პროდუქტი გავიტანოთ ექსპორტზე ევროკავშირსა და აშშ-ში, არადა, ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია. საქართველოს შეუძლია, აწარმოოს ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ევროპაში გაყიდის... რუსეთის მიდგომა კი რა არის - პუტინსაც აქვს ნათქვამი, საქართველო კარგია მხოლოდ იმისთვის, რომ მოუსმინო კარგ სიმღერას, იცეკვო და ჭამო... ასეთი ქვეყანა თუ გვინდა ვიყოთ, მაშინ სწორი პოლიტიკაა ის, რაც დღეს ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა არის ის მომენტი, რომ მთელმა მსოფლიომ გაიღვიძა და მზად არის თქვას, რომ ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე ასე არ იყო. თუნდაც წინა, ჩვენი მთავრობის დროს, რუკებით დავდიოდით სენატში და ვუხსნიდით ხოლმე კონგრესმენებს, სად არის საქართველო, რამდენად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, რომ აზიიდან წამოსული ტვირთები როგორ შეიძლება გავატაროთ და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან, ესმით და უნდათ, აქ ჩადონ ფული; თუნდაც თავდაცვის სფეროში რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა... მოლდოვას შევხედოთ, რამდენად წინ მიდის, რადგან სწორ ადგილას დგანან და სწორი პარტნიორები აირჩიეს… დღეს, ამ კრიტიკულ მომენტში საქართველოს აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომელსაც ხელიდან ვუშვებთ და ყველაზე ცუდი მიმართულება ავირჩიეთ... იგივე ისტორიას რომ შევხედოთ, სამხრეთ კორეამ როდის მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ხელი აშშ-სთან?! ზუსტად ასეთ კრიტიკულ მომენტებში მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები...

- როგორ უნდა მოქმედებდეს ამ სიტუაციაში საქართველოს მთავრობა - თქვენ რას იზამდით? ალბათ, ერთბაშად რუსეთში ექსპორტზე უარი ძალიან მძიმე იქნებოდა, მაგრამ მაქსიმალური დისტანცირებისთვის რა გეგმას დასახავდით?

- იცით, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, რუსეთში ექსპორტის ჩანაცვლება მარტივი იქნებოდა; აბსოლუტურად ყველა ჩვენ მეგობარს - ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებს რომ ვუთხრათ, გვინდა, ჩავანაცვლოთ რუსული ბაზარი ამერიკის ბაზრით, ყველა გვერდში დაგვიდგებოდა და ბაზრებს კიდევ უფრო მეტად გახსნიდნენ. მეორე მხრივ, შევხედოთ რუსეთის ძველ პარტნიორებს ცენტრალურ აზიაში. ისინი რუსეთთან იმაზე მეტად იყვნენ დაკავშირებული, ვიდრე - საქართველო, მაგრამ ახლა ხვდებიან, რომ დამთავრდა ეს პერიოდი, როდესაც რუსეთში ეკონომიკური ზრდა იყო და ა.შ. ამიტომ ახლა ყახაზეთს ან ცენტრალური აზიის ნებისმიერ სხვა ქვეყანას რომ შევხედოთ, ყველა ცდილობს რუსეთისგან დივერსიფიკაციას და მის ნაცვლად თუნდაც ჩინეთისკენ შეტრიალებას, რადგან მათთვის ჩინეთია სტრატეგიული პარტნიორი და აზიისკენ იყურებიან; ცოტა სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე ახლო პარტნორები ასე დისტანცირდებიან პუტინის რუსეთისგან, რადგან სტრატეგიულად ფიქრობენ, რომ დადგა დრო, როცა უნდა შეცვალონ თავისი კურსი და ამ დროს საქართველო, რომელიც პირიქით, სწორ გზაზე ვიდექით და რაღაც სწორი მიმართულება გვქონდა არჩეული, ახლა, როდესაც რუსეთი ყველაზე სუსტია, მაშინ დავიწყეთ რუსეთთან ახლო ურთიერთობა.

- თქვენი აზრით, საქართველოს მთავრობას მხოლოდ ეკონომიკური მოტივი ამოძრავებს, თუ ცდილობენ, ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლას, თუმცა ისიც უნდა ითქვას და თავადაც ხშირად იმეორებენ, რომ სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას...

- ვფიქრობ, რადგან საქართველოში ოლიგარქიული სისტემაა, ყველა გადაწყვეტილება მოდის ერთი ადამიანისგან, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს და რადგან ამ ადამიანს აქვს თავისი დამოკიდებულება რუსეთთან და კონკრეტულად პუტინთან, ჯერ თავიდან თამაშობდნენ, რომ ვითომ ევროპასთან გვინდა ურთიერთობა, მაგრამ ახლა ძალიან ღიად, პირიქით იქცევიან - არა არ გვინდა, ევროპა... ახლო რუსული ბაზარი გვირჩევნია და არ გვინდა ომი, რომელსაც არავინ ითხოვს, რა თქმა უნდა. მე და ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილები ვართ და ძალიან კარგად გვესმის, ამის საფრთხე, მაგრამ ასევე, უნდა გვესმოდეს, რა მძიმეა იყო რუსეთი ვასალი.

- რუსეთზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რა რისკებს შეიცავს საქართველოს ეკონომიკისთვის?

- არ განვითარდება ეკონომიკა. არ განვითარდება სხვადასხვა ინდუსტრია, სადაც შეიქმნება ეკონომიკური დოვლათი, რომელიც ადამიანების კეთილდღეობაზე აისახება, რადგან რუსებს აინტერესებთ მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლა, ხინკლის ჭამა და დროის ტარება. თუ დღეს რუსები არეგისტრირებენ კომპანიებს, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იქ ისევ თავის თანამოქალაქეებს ასაქმებენ, მათ უხდიან ხელფასებს და ნაწილს კიდევ ისევ რუსეთში გზავნიან. ამიტომ საქართველოს მოსახლეობას მათგან ეკონომიკური ხეირი არ ექნება. მაგალითად, კომუნიკაციების და ტექნოლოგიების სექტორი გაიზარდა და მთავრობა ამას ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად წარმოაჩენს, მაგრამ ეს ხომ ის კომპანიებია, რომლებიც რუსებმა დააფუძნეს, თავიანთი თანამოქალაქეები დაასაქმეს ძირითადად და შეკვეთებს იღებენ ისევ და ისევ რუსული კომპანიებისგან?! ამიტომ ამის დათვლა, როგორც ეკონომიკის ზრდის, კი, სტატისტიკურად სწორია, მაგრამ სარგებელს ქობულეთში თუ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვერ იგრძნობს, გარდა რუსი ტურისტების დანახარჯებისა, მაგრამ რად მინდა, ისეთი ტურისტი, რომელიც ჩემს ქვეყანაში დამიყვირებს იმის გამო, რომ რუსული არ ვიცი?!

- თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთში ექსპორტის ჩანაცვლება და ამაში პარტნიორების იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ რას იტყვით ინვესტიციებზე - როცა რუსეთ-უკრაინის ომია, საქართველოს მთავრობამ ძალიანაც რომ მოინდომოს, რამდენად რეალურია, ევროპელი თუ ამერიკელი ინვესტიციების მოზიდვა?

- იცით, დღესაც, როცა უკრაინაში ჯერ კიდევ ომია, ამერიკელი ინვესტორები უკვე საუბრობენ, რა ინვესტიციებს ჩადებენ იქ, როდესაც ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება; გეგმები აქვთ და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ შევა პირველი და ვინ ააშენებს იქ ინფრასტრუქტურას; იაპონიამ უკვეა გამოაცხადა, რომ იაპონიაში ჩატარდება შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის განახლების და შენების შესახებ... მოკლედ, იქ სადაც ომია, უკვე საუბრობენ იმაზე, რამდენი მილიარდი დოლარი უნდა ჩაიდოს... ამდენად იმის თქმა, რომ რადგან უკრაინაში ომია, დასავლეთიდან ინვესტიციების მოზიდვა რთულია, არის სიცრუე. არის მოთხოვნა. ძალიან ბევრ დასავლურ კომპანიას ექნებოდა ინტერესი, რომ საქართველოში შექმნას ჰაბი და აქედან მიაწოდონ თუნდაც უკრაინას ან სხვა ქვეყნებს საჭირო პროდუქტი, მაგრამ საქართველოს მთავრობის ან იმ ერთი ადამიანის ინტერესი არ არის ეს.

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- მე ვთვლი, რომ საქართველოში ადამიანებს ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ, თუ არ იქნება შეზღუდვები. ბევრი რამის მოფიქრება არაა საჭირო, თუ მთავრობისგან იქნება პატარა წახალისება... იცით, ახლა იმდენად დიდი მხარდაჭერა იქნებოდა ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან, რათა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფად განვითარდეს, ნამდვილად ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდებოდა იმისთვის, როგორ გახდეს საქართველო წარმატებული... უკვე ვახსენე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, მართლა არ ვიცი სხვა უკეთესი დრო, როდესაც ქვეყნები მზად იქნებოდნენ მეტი მხარდაჭერისთვის... მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით, რადგან მართლა მთელი დასავლეთი გვერდში უდგას და ვიდრე ეს ომი დასრულდება, მართლა რამდენი რამ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მერე ამ წარმატებით და მშენებლობით ვიხეიროთ და ვისარგებლოთ და არა პირიქით, ჩამოვრჩეთ და მითუმეტეს მეორე მხარეს აღმოვჩნდეთ...

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას ოლიგარქიულს სისტემას. ეს არის მთავარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები