დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად.
შესაბამისი კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით ქვეყანაში შემოდის ევროპული რეგულაციები კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით.
„ხელისუფლება ატარებს რეფორმას ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია რეგულაციები, რომელიც ხელს უწყობს ავტოპარკის განახლებას იმგვარად, რომ ერთი მხრივ, ის დარჩეს ხელმისაწვდომი, მეორე მხრივ, მაქსიმალურად თავსებადი ეკოლოგიასთან. რეფორმებით ხელისუფლებამ მაქსიმალურად წაახალისა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი. ამ ფონზე ჩვენ გთავაზობთ ევროპულ რეგულაციებს კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით. შესაბამისად რეფორმების საერთო რეგულაციებში არ უნდა მოხდეს იმ მნიშვნელოვანი სფეროს და სექტორის დაზიანება, რასაც ჰქვია კლასიკური, ისტორიული ავტომობილები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განმარტებით, ცვლილება ასევე განხორციელდება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“. აღნიშნული პროექტებით კანონმდებლობაში კლასიკური ავტომობილების განსაზღვრების შემოტანის გარდა, მთავრობა დაარეგულირებს სფეროს იმგვარად, რომ მფლობელს გაუადვილდეს ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია. ასევე, შემცირდება და ევროპის მსგავსად დაწესდება განბაჟების ტარიფი.
"საქართველოს საგადასახადო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ის ავტომობილები, რომელთა წლოვანებაც აღემატება 14 წელს აქციზით მაქსიმალურად იბეგრებიან. აღნიშნული რეგულირება აფერხებს, როგორც კლასიკური ავტომობილების პოპულარიზაციას, იმპორტსა და ქვეყნის საზღვრებს შიგნით შენარჩუნებას. შემოთავაზებული კანონპროექტის ფარგლებში კი, კლასიკური ავტომობილებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნორმატიული აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, აქციზის გადასახადი 1 სმ3-ზე 2.4 ლარიდან შემცირდება 1 სმ3-ზე 1,5 ლარამდე ოდენობით", - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიღებით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება ახალი კატეგორია კლასიკური ავტომობილის სახით.
„მიზანშეწონილია კანონპროექტის დროული ამოქმედება, შესაბამისად გათვალისწინებულია, რომ კანონი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან“, - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ თალაკვაძე, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ბექა ოდიშარია და დავით კაჭარავა.
ავტომობილის განბაჟების ახალი რეგულაციები დადგენილია.




























