BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ ნათია თურნავამ განმარტა, რომ გლობალური ეკონომიკა შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც გავლენას ახდენს საქართველოზეც.
"მოდით, სწორად მივუდგეთ ამ საკითხის გაანალიზებას. წლევანდელი წელი და ის სტატისტიკა, რაც გვაქვს წლევანდელი წლის პირველ კვარტალში, ეს არ არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. მთელ მსოფლიოში ხდება გლობალური ეკონომიკის შემცირება და ვარდნა. რა თქმა უნდა, ეს აისახება ინვესტორების განწყობაზე ზოგადად, არა საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად ინვესტიციების მიმართ, როდესაც გაურკვევლობა არის მსოფლიო ბაზრებზე ინვესტიციების შესახებ და ახალი პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ასევე უფრო რთული ხდება. აქედან გამომდინარე, ის კლება რაც გვაქვს ინვესტიციებში, ეს არის არსებითად პანდემიის გამოძახილი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვის მეორე ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტიციების მოზიდვისთვის გადადგმულ ნაბიჯებს შეეხებოდა, უპასუხა, რომ საქართველოში კეთილმეგობრული ბიზნეს გარემოა, თუმცა დიდი კომპანიების მოზიდვა არ არის მარტივი.
"რაც შეეხება იმას, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2021 წელი იყო ინვესტიციების ხარჯზე მზარდი წელი, ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტო და მათ შორის ბერკეტები გვაქვს, როგორიც არის იგივე პროგრამა "აწარმოე საქართველოში", სადაც არის მთელი მიმართულება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია.
ენერგეტიკაში უკვე წელს ველოდებით ინვესტიციების ზრდას და კონკრეტულ პროექტებს გეტყვით - "ნამახვანი" მაგალითად, 700 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, უკვე დღე-დღეზე ჩვენ იქ ჩავალთ, რომ გავხსნათ ეს მშენებლობა და ეს პროექტი განხორციელდეს. არის სხვა პროექტებიც ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც განხორციელდება, მაგრამ ენერგეტიკა არ არის ერთადერთი სფერო, სადაც ველოდებით ინვესტიციების ზრდას. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის, რომ გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციები აისახოს საქართველოზე. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, რომ რომელიღაცა საწარმო სწრაფად გადმოვიტანოთ და დავარწმუნოთ ინევსტორი, რომ დიდი და მიმზიდველი ჩინური ბაზარი უნდა დატოვოს და გადმოვიდეს საქართველოში, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ის ტენდენცია, რომელიც ზოგადად დაწყებულია და ბევრი ჩინური თუ ევროპული კომპანია ცდილობს გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციაზე გადაანაწილოს თავისი წარმოებები, იმიტომ რომ ძალიან მწარე გაკვეთილი იყო პანდემიის დროს, როდესაც პრობლემები დაიწყო ჩინეთში და ამან გამოიწვია კომპანიების შეფერხება.
ნამდვილად არ არის მარტივი პანდემიის დროს, შენ დაარწმუნო კომპანიები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინვესტორების დარწმუნების ყველა წინაპირობა. ის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც ჩვენ აქამდე შევქმენით, მე გეთანხმებით, რომ ახლა ეს არ არის საკმარისი და იმ პოსტკრიზისულ გეგმაში, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ალბათ, 1–1.5 თვე დაგვჭირდება, ჩვენ ავსახავთ კიდევ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო პაკეტს ახალი ინვესტორების მიმართ და თქვენ გახდებით (მხილველი) ამ წელს რამდენიმე ახალი საწარმოს პროექტის დაწყების საქართველოში", - განაცხადა თურნავამ.