საქსტატმა 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს ქვეყანაში რეკორდული მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა.
საქსტატის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს თითქმის 5%-ით აღემატება.
აქამდე ყველაზე მეტი ინვესტიცია თითქმის 2 მილიარდი დოლარი 2017 წელს იყო დაფიქსირებული, თუმცა უკვე დაზუსტებული მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით რეკორდული 2022 წელი იყო.
ამასთან, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 66% შეადგინა.
გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით ასე გადანაწილდა: სააქციო კაპიტალი - 696.8 მლნ დოლარი; რეინვესტიცია - 1 378.4; სავალო ვალდებულებები - 22.7 მლნ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს 20.8%-ით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2%-ით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 9.4% (196.2 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6%-ია. ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5%), ხოლო მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4%).