აშშ-ში მიმდინარე ზაფხულს ჩატარებულმა FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა წინასწარ აჩვენა, როგორ შეიძლება წარიმართოს 2026 წლის მსოფლიო თასის მატჩები, რომლებსაც აშშ მექსიკასთან და კანადასთან ერთად უმასპინძლებს. გლობალურად ტემპერატურის მატებასთან ერთად, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საზაფხულო ტურნირების ჩატარება უფრო და უფრო სახიფათო ხდება ყველა მხარისთვის.
ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამტკიცებს, რომ FIFA-მ საფეხბურთო კალენდრის გადაწევაზეც უნდა იფიქროს, რათა დააზღვიოს ექსტრემალურ სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები.
“წლების გასვლასთან ერთად, რისკები მხოლოდ გაიზრდება, თუ სათანადო ზომებს არ მივიღებთ და ჩემპიონატებს ზამთრის თვეებში ან უფრო გრილ რეგიონებში არ გადავიტანთ. ამჟამად პოტენციურად მხოლოდ ერთი სიცხის ტალღა გვაშორებს სპორტული ტრაგედიიდან”, - განაცხადა პროფესორმა პიერს ფორსტერმა.
1930 წლიდან, FIFA-ს მსოფლიო თასის პირველი გათამაშებიდან, ივნისისა და ივლისის თვეები ტრადიციულად ამ ჩემპიონატისთვისაა გამოყოფილი. თუმცა მას შემდეგ 95 წელი გავიდა და საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სპორტული მატჩებისთვის კიდევ უფრო სარისკო გარემოს ქმნის.
მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 13 ივნისამდე, საკლუბო ჩემპიონატის ფარგლებში აშშ-ის 11 ქალაქში ჩატარებული მატჩების ნაწილი გადაიდო ან შეფერხდა ექსტრემალური სიცხის ან ძლიერი წვიმების გამო, რასაც FIFA-მ გამკაცრებული პროტოკოლით უპასუხა: გაჩნდა დამატებითი შესვენებები სპორტსმენთა და მაყურებელთა რეჰიდრირებისთვის, სტადიონებზე დამონტაჟდა ვენტილატორები და საჩრდილავები. მიუხედავად ამ ზომებისა, Chelsea-ის ფეხბურთელს, ენზო ფერნანდეზს მატჩის გამოტოვება მოუწია, რადგან სიცხის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდა.
ფეხბურთის მოთამაშეთა გლობალურმა კავშირმა მსოფლიო თასის მასპინძელ 16 ქალაქს შორის 6 “განსაკუთრებით მაღალი რისკის” ზონად შეაფასა. FIFA-ს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ დღის განმავლობაში მატჩები გადახურულ სტადიონებზე ჩატარდება.
ღია ცის ქვეშ ექსტრემალურ სიცხეში თამაშს ჰიპერთერმიის და სხვა გართულებების გამოწვევა შეუძლია. კლიმატის გათვალისწინებით, FIFA-მ ერთხელ უკვე გადასწია საფეხბურთო კალენდარი: 2022 წელს კატარის მასპინძლობით მსოფლიო თასის ჩემპიონატი ნოემბერში ჩატარდა. თუმცა ეს ცვლილება ლოგისტიკურად კომპლექსურია და ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ, თავი აარიდონ.




























