უნგრეთის პატარა სოფელ შურდში, რომელიც უკვე მრავალი ათწლეულია ქვეყნისათვის საშობაო ნაძვის ხეების მთავარი წყაროა, ადგილობრივები შიშობენ, რომ მათი შემოსავლის წყარო საფრთხის ქვეშაა, რადგან უნგრეთში ნაძვნარიანი ტყის საფარი შესამჩნევად მცირდება.
ოფიციალური უწყების ინფორმაციით, ნაძვის ტყეების ფართობი 2022 წელს 175,8 ათას ჰექტარამდე შემცირდა, მაშინ როცა ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წელს 185,2 ჰექტარი იყო. თუ 2009 წელს უნგრეთის ტყის საფარის 12% ნაძვებზე მოდიოდა, 2022 წლისთვის ის 9%-მდე შემცირდა.
ნაძვის ხეები, მათ შორის ჯიშები, რომლებიც უნგრეთისთვის ენდემური არ იყო და მეოცე საუკუნეში დარგეს, გახშირებული გვალვებისა და მომრავლებული პარაზიტების გამო განსაკუთრებულ საფრთხეში არიან.
შურდში ყოველწლიურად 2 მილიონამდე ნაძვის ხეს ზრდიან, რომლებიც ხორვატიის საზღვრისკენ გაშენებულ პლანტაციებში მოდის. პარაზიტებთან ბრძოლის გამო პლანტაციების მფლობელებს შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება წელიწადში სამჯერ უწევთ.
შურდის მერი აცხადებს, რომ მწარმოებლებს ნაძვის ხეების შენახვის ხარჯების ზრდის გამო, მათი ფასების 20%-ით ზრდაც უწევთ, რაც უნგრელებისთვის წარმოუდგენელი ღირებულებაა - ქვეყანა ორნიშნა ინფლაციას ებრძვის.
WWF უნგრეთის ტყის პროგრამის ოფიცერი Reuters-თან საუბარში აღნიშნავს, რომ მართალია, ნაძვის ხეებს უნგრეთში გადაშენების საფრთხე არ ემუქრებათ, მათი წილი ტყის სრულ საფარში შემცირებას განაგრძობს.