მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ათობით ათასმა აქტივისტმა კლიმატის ცვლილებაზე, ექსტრემალურ ამინდსა და რეკორდულ სიცხეზე ცნობიერების ასამაღლებლად დემონსტრაციები გამართეს.
პროტესტის მიზანი წიაღისეულ საწვავზე - ატმოსფეროს დათბობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზის, უარის თქმაა. აქტივისტებს შეკრებისა და დემონსტრაციებისკენ სხვადასხვა კლიმატურმა ჯგუფებმა, მათ შორის გრეტა თუნბერგის “პარასკევი მომავლისთვის” მოძრაობამ, მოუწოდეს.
საპროტესტო აქციები მსოფლიოს ათობით ქვეყანასა და ასობით ქალაქშია დაგეგმილი. მაგალითად, ათობით ათასმა ადამიანმა გერმანული ქალაქების ქუჩები კანცლერისადმი წაყენებული მოთხოვნებით აავსო. აქტივისტები ოლაფ შოლცისგან გლობალური დათბობის წინააღმდეგ სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.
ბოლო მონაცემებით “პარასკევი მომავლისთვის” მოძრაობის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ბერლინში 12 000, ჰამბურგსა და მიუნხენში კი 10 000 ადამიანი შეიკრიბა.
აქტივისტები გამოჩნდნენ შვედეთში, ფილიპინებსა და ინდონეზიაშიც და ქვეყნის მთავარ უწყებებს წიაღისეული საწვავის აკრძალვისკენ მოუწოდეს.
საპროტესტო ტალღა მსოფლიოს მასშტაბით უქმე დღეების განმავლობაში გაგრძელდება.