საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა "Gnomon Wise"-მა საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შესახებ წარადგინა ანგარიში.
დოკუმენტის მიხედვით, "საყოველთაო ჯანდაცვის" სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, პროვაიდერი კლინიკების მიერ სავარაუდოდ, სახელმწიფოსგან მეტი თანხის მისაღებად პაციენტებს უფრო მეტი დროით დაყოვნებაა.
ამ დასკვნამდე მისასვლელად "Gnomon Wise"-მა საქართველოში 2018-2019 წლებში პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის 126,248 შემთხვევა შეისწავლა - საიდანაც 45,161 შემთხვევა (35,77%) კერძო პირის/ორგანიზაციის მიერ იყო დაფინანსებული, ხოლო 81,087 შემთხვევა (64,23%) - საჯარო სექტორის (საყოველთაო ჯანდაცვა და ბიუჯეტის სხვა პროგრამების) მიერ.
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზე დაკვირვებით გამოვლინდა, რომ კლინიკები საშუალოდ უფრო მეტხანს აყოვნებდნენ მათ, ვის მკურნალობასაც სახელმწიფო ფარავდა.
"მონაცემთა სტატისტიკურმა ანალიზმა გვაჩვენა (დეტალური მონაცემებისთვის იხილეთ ცხრილი 2 და დანართი ), რომ ორივე (კერძო, საჯარო) ჯგუფის შემთხევაში პაციენტის სტაციონარში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა 3,7 დღეა (CI 95%; [3,66- 3,69]), სადაც კერძო დაფინანსების პირობებში ჰოსპიტალიზაციის პერიოდში საშუალო მაჩვენებელი 3,51 დღე (CI 95%; [3,48-3,54]), ხოლო საჯარო დაფინანსების პირობებში კი - საშუალოდ 3.77 დღე (CI 95%; [3,74-3,79]).
ორივე ჯგუფის ჰოსპიტალიზაციის საშუალო მაჩვენებელს შორის სხვაობა 0.26 დღეა (CI 95%; [0,22- 0,30]), რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებაა (tმიღებული = -12,58; P<.05). აღნიშნული აჩვენებს, რომ საჯარო დაფინანსების პირობებში პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე კერძო დაფინანსების შემთხვევაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინ, როცა პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარჯები საბიუჯეტო პროგრამებიდან ფინანსდება, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი უფრო მეტია, ვიდრე მაშინ, როცა ხარჯები ჯიბიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურდება.
ამდენად, კვლევის შედეგები გვაძლევს შესაძლებლობას ვამტკიცოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ოპორტუნისტულად გამოყენება საქართველოშიც გავრცელებული პრაქტიკაა, რაც პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივებაში ვლინდება. მიღებული შედეგები თანხვედრაშია 2016 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგებთან (Englum et al., 2016). ასევე, ჩვენ მიერ შესწავლილი იქნა ცალკეული დიაგნოზთა ჯგუფები. ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანის ჯგუფია (30,43%), სადაც დაფინანსების მიხედვით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას შორის სხვაობაც ყველაზე მეტი, საშუალოდ 0,41 დღეა (CI 95%; [0,37 - 0.45]), რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებაა (tმიღებული = -20.83; P<.05). მსგავსი შედეგებია კიდე ოთხ კატეგორიებში:
1) სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (ICD კლასი - 9);
2) შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები (ICD კლასი - 14);
3) სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (ICD კლასი - 18);
4) კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები (ICD კლასი - 12).
შესაბამისად, კველაში ნათქვამი 0.26 დღე 6.2 საათის ტოლფასია.