მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საყოველთაო ჯანდაცვის მართვის მოდელი ყოველ წელს დეფიციტისთვის არის განწირული”- ვახტანგ კალოიანი

საყოველთაო ჯანდაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2023 წელსაც ბიუჯეტის გადახარჯვით ოპერირებდა - ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს პროგრამაზე 1.06 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით განსაზღვრულზე 82 მილიონი ლარით მეტი იყო.

2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 1.03 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული, რაც 2023 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე 27 მილიონი ლარით ნაკლებია.

ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 10 წელს ითვლის შესაცვლელია. მისი თქმით, იმისთვის, რომ ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების უფრო ეფექტიანი ხარჯვა მოხდეს აუცილებელია პროცესებში კერძო დაზღვევის კომპონენტის შემოტანა და პროგრამის ტექნიკური გამართვა.

“სამწუხაროდ, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის ეს მოდელი განწირულია ყოველ წელს დეფიციტისთვის და 2013 წლიდან ჩვენ რეალურად არცერთი საბიუჯეტო წელი არ გვახსოვს კრიზისის გარეშე. ამ მოდელით, ყოველ წელს იქნება გადახარჯვა. ამისთვის აუცილებელია, რომ მოქალაქეს მიეცეს არჩევანის საშუალება წავიდეს კერძო სადაზღვევო კომპანიაში თუ დარჩეს სახელმწიფო სისტემაში და ის თანხა, რასაც ის გადასახადებიდან იხდის ჯანდაცვაზე მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ეს ვაუჩერის თუ სამედიცინო ანგარიშის სახით გამოიყენოს მისი ნებით და ეს მოგვცემს საშუალებას რომ ხარჯები შედარებით ოპტიმალურად და ეფექტურად იყოს გამოყენებული.

მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ტექნიკურადაც კი შესრულება არის საკმაოდ დაბალი ხარისხის. ჩვენ ვერცერთ ჯანდაცვის მინისტრის მოხსენებაზე, როცა ის წარადგენს ბიუჯეტს ვერ ვხედავთ მაგალითად პროგნოზს რამდენი პროცენტით შეიძლება იყოს საჭირო ბიუჯეტის ზრდა. შესაბამისად, თვითონ შესრულებაშიც პრობლემაა,”- ამბობს ვახტანგ კალოიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები