მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკები ტარიფების გადახედვის საკითხში ბიზნესომბუდსმენის ჩართვას გეგმავენ

60dc7c47ef8db
ელენე გოგბერაშვილი
30.06.21 22:20
722
სამედიცინო სექტორმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ყოფილი პრემიერის აპარატის შემდეგ ტარიფების გადახედვის თხოვნით წერილით ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილს და უკვე მეორედ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. კლინიკები ჯერ კიდევ 10 წლის წინ დადგენილი ტარიფების, მათ შორის "520-დადგენილებით" განსაზღვრულ კარდიოქირურგიასა და რეანიმაციულ მომსახურებაზე უნიფიცირებული ტარიფების გადახედვას ითხოვენ.

კლინიკებმა უკვე გაუგზავნეს ჯანდაცვის სამინისტროს იმ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯების ჩამონათვალი, რის საფუძველზეც უწყებამ ტარიფების ახლებურად დაანგარიშებაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კერძო სექტორის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ ეტაპზე მთავრობა სამედიცინო მომსახურებაზე არსებული ტარიფების ცვლილებას არ გეგმავს.

„უახლოეს პერიოდში - ერთ კვირაში ან ერთ თვეში ტარიფების გადახედვის გეგმა სახელმწიფოს არ აქვს“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 16 ივნისს bm.ge-ს მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

უშედეგო წერილების შემდეგ ახლა სამედიცინო დაწესებულებები პროცესში ბიზნესომბუდსმენის ჩართვას გეგმავენ.

„ორიოდე კვირის წინ ისევ მივმართეთ განმეორებით ჯანდაცვის სამინისტროს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს. ახლა ვგეგმავთ, რომ ბიზნესომბუდსმენი ჩავრთოთ აღნიშნულ საკითხში, რამეთუ ეს მისი საქმიანობის სფეროცაა იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რასაც ეხება ეს თემა. ჩვენს კლინიკას ჰქონდა კომუნიკაცია ბიზნესომბუდსმენთან.

როგორც გუშინ გვესაუბრა წარმომადგენელი ისიც ჩართულია და კომუნიკაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან და განიხილავენ სამუშაო შეხვედრის დაგეგმარებას, თუმცა როდის და სად ეს ჯერ არ არის ცნობილი. ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესომბუდსმენთან ინდივიდუალურად შეხვედრას და შემდგომ შეიძლება გაერთიანებული შეხვედრაც დაიგეგმოს“, -აცხადებს „მედალფას“ გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები