მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება რთული პროცესია, რასაც გარკვეული დრო ჭირდება - ჯანდაცვის სპეციალისტი

62ef824810480
ელენე გოგბერაშვილი
07.08.22 14:30
871
"მედიქლაბს, გამართულ და აწყობილ კლინიკას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 5 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია მიეღო. ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან კარგი მომზადება, გაანალიზება, დაგეგმვა სექტორთან ერთად" - ასე აფასებს ჯანდაცვის სექტორში დაანონსებულ ცვლილებებს ილიაუნის პროფესორი, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი.

საუბარია იმაზე, რომ 2025 წლიდან, კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, სავალდებულო იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამის შესახებ გასულ კვირაში ჯანდაცვის მინისტრმა, ჩაფიძის კლინიკაში ვიზიტისას დაანონსა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ამ საკითხზე სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო და ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს. მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ აკრედიტაციის კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას და სამედიცინო ინფრასტრუქტურას მოიცავს, რა სტანდარტის მისაღწევადაც 18-დან 24 თვემდეა საჭირო.

"აკრედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებისთვის. აკრედიტაცია გახლავთ ხარისხის შეფასების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც დანერგილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია ვინ, როგორ, რა მოცემულობაში გააკეთებს ამ აკრედიტაციას. აკრედიტაცია უნდა მოემსახუროს, მის უპირველეს მიზანს, რაც გახლავთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასება და პროცესში უწყვეტობის შეფასება.

კარგია, რომ მიმართეს [სამინისტრომ] და ამერიკულ აკრედიტაციაზეა საუბარი, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. მოსამაზადებლად სჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ თვითონ საავადმყოფოები გაერკვნენ და მოემზადონ. მაგალითად, "მედიქლაბს", გამართულ და აწყობილ კლინიკას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 5 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ეს აკრედიტაცია მიეღო. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგი მომზადება გაანალიზება, დაგეგმვა სექტორთან ერთად",- აცხადებს ნინო მირზიკაშვილი.

ის ეთანხმება პოზიციას, რომ დღეს ქვეყანაში საჭიროზე მეტი საწოლფონდი არსებობს და თვლის, რომ თანმიმდევრული პოლიტიკით საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი ხარჯვა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღწევა შესაძლებელია.

"ნამდვილად არის ჭარბი საწოლფონდი ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. დღევანდელ დღეს დაახლოებით, 49%-ია საწოლფონდის დატვირთული, რაც ძალიან ცოტაა. ევროპაში 70-80%-ია საწოლფონდის დატვირთვა. შესაბამისად სელექტიური კონტრატირება, აკრედიტაცია არის ის ინსტრუმენტები, რასაც მივყავართ ხარისხის გაუმჯობესებამდე. ვეთანხმები სამინისტროს, რომ საბიუჯეტო თანხები უნდა იხარჯებოდეს იმ კლინიკებში, სადაც არის გამართული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ხარისხი და ყველა სხვა ნორმები დაცული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქებმა მიიღონ გამართული მომსახურება.

ერთია ის, რომ კარგი წინადადებაა სერტიფიცირება, თუმცა მეორეა პროცესის თანმიმდევრულობა... ეს უნდა დაიგეგმოს სექტორთან და არა სატელევიზიო განცხადებები რჩებოდეს მხოლოდ განცხადებებად",-აცხადებს მირზიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები