მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლიპები მოგვწონს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რაც შეუძლიათ [კომპანიებმა] გააკეთონ, რომ იყოს რეალური საბაზრო ეკონომიკა - სტამბოლიშვილი

სტამბოლიშვილი

კომუნიკაციების ექსპერტი თინა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში მსხვილი კომპანიების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს ეხმაურება.

სტამბოლიშვილი წერს, რომ საქართველოში რომ რეალურად თავისუფალი ბაზარი იყოს, ანუ კაპიტალიზმი - დიდი კომპანიები დიდი ხანია "ყელში წვდებოდნენ მთავრობას, ეგ კი არა - საერთოდაც ვერ გაბედავდნენ ამგვარი კანონის შემოტანას".

"26 მაისს ამოხეთქილ ბრენდების აქტივობაზე: პირველ რიგში დავუფასოთ მათ ქარაგმებით, სიმბოლოებით, მაგრამ მაინც სათქმელი გადმოსცეს - საქართველოს იზოლაცია დასავლური სამყაროსგან ყველასთვის მიუღებელია. თუმცა ეს რებუსებით ლაპარაკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საბაზრო ეკონომიკა რეალურად ჯერ მხოლოდ ჩანასახის ეტაპზეა. თუ რატომ, გეტყვით, მაგრამ მანამდე ბევრნი ალბათ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ბიზნესი ისეთ წნეხში იყო, რომ ამასაც ვერ ბედავდნენო, ასევე მეტყვით, რომ ახლა იმდენი ტენდერი აქვთ მოსაგები, რომ რთულია ღიად დაპირისპირებაო ოცნებასთანო. აგერ, ხომ ხედავთ, კოკა კოლა ჩაანაცვლეს პეპსითო - ერთ-ერთი სახ. შესყიდვიდანო. ამიტომაც ვამბობ, რომ საბაზრო ეკონომიკა ჯერ არ გვაქვს.

ჩვენთან რომ რეალურად თავისუფალი ბაზარი იყოს, ანუ კაპიტალიზმი - ეს დიდი კომპანიები დიდი ხანია ყელში წვდებოდნენ მთავრობას, ეგ კი არა - საერთოდაც ვერ გაბედავდნენ ამგვარი კანონის შემოტანას - ის ბიზნესს უკარგავს პერსპექტივას და სრულიად სხვა რელსებზე გადაჰყავს საქმიანობა:

ა) ამ კანონის შემოტანით საქართველო ხდება კიდევ უფრო ბუდნოვანი მომავლის ქვეყანა (ნაცრისფერი ზონა) - რომელიმე დიდი კომპანია რომ მსხვილ ინვესტიციას მოელოდა, ის ინვესტორი დაფიქრდება - ღირს ამ ნაცრისფერ ზონაში ფულის ჩადება?

ბ) რომელიმე ბიზნესი რომ დიდ ფრანჩაიზინგს აკეთებს ან რამე გარიგებაზე მოლაპარაკებები აქვს და იმ ქვეყნის პრესა ჭრელდება დასისხლიანებული აქტივისტების ფოტოებით, ცნობებით, რომ დემოკრატია საფრთხეშია და რუსეთისკენ მივექანებით, რასაკვირველია, ეს იმოქმედებდა უცხოელი პარტნიორის გადაწყვეტილებაზე

გ) და ყველაზე მნიშვნელოვანი: ამ კანონით მთლიანად იზოლაციაში ვექცევით, არამხოლოდ საერთ. ორგანიზაციები, მსხვილი საერთ. საფინანსო ინსტიტუტებმაც თქვეს, რომ შეაჩერებენ დიდ პროექტებს (EBRD, ADB, etc.). საქართველო ხდება ჩიხი - იზოლირებული ეკონომიკა და ეს არც რუსეთს არ აწყობს, არც ჩინეთს და არც რომელიმე სხვას. საქართველო იმითაა მიმზიდველი, რომ ევროპასთან და დასავლეთთან ხსნის გზას და თუკი ჩაიკეტა, ვის რაში სჭირდება ასეთი ეკონომიკა.

დ) სანქციები - ჯოჯოხეთია ბიზნესისთვის, არამხოლოდ ბანკებისთვის - ყველასთვის. რუსულ და ბელორუსულ კომპანიებთან ვაჭრობა და საქმის დაჭერა ძალიან სარისკოა, დიდი ჩინური ბანკებიც კი ერიდებიან.

ამიტომ, საბაზრო ეკონომიკაში მსხვილი კომპანიები რეალურად და საქმიანად მოსთხოვდნენ პასუხს მთავრობას, რადგან ვერანაირი სახ. ტენდერი ან შესყიდვა ვერ დაუკომპენსირებს ზარალს, რასაც იზოლაციით მიიღებდნენ, რადგან კარგავენ:

ა) ევროკავშირის ბაზარს

ბ) აშშ ბაზარს და სავაჭრო ხელშეკრულებას

გ) ახალ ტექნოლოგიებს

დ) სტარტაპ მხარდაჭერას

ე) სტაბილურობას (დასავლური მხარდაჭერა).

რაც მთავარია, კარგავენ თავიანთი თანამშრომლების ნდობას - მათი უმეტესობა ახალგაზრდა პროფესიონალები არიან და აქციებზე აღამებენ და ათენებენ.

ეს კლიპები კი მოგვწონს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რაც შეუძლიათ მათ გააკეთონ, რომ იყოს რეალური საბაზრო ეკონომიკა. ის ჯერ არ გვაქვს და უნდა შევქმნათ ახალ საქართველოში, რომელიც აუცილებლად დადგება მალე", - წერს სტამბოლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები