ოპოზიციის გამარჯვებისა და კოალიციური [დროებითი]მთავრობის მიზნებსა და ამოცანებზე საქართველოს პრეზიდენტმა TVპირველის ეთერში ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი, სავალუტო ფონდთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს.
" თუ მთავრობა შედგება სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან, ვხედავთ თუნდაც ამ ოთხ კონსოლიდირებულ პარტიაში რამდენია სხვადასხვა მოსაზრება, წყენა, თუნდაც დაპირისპირება. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ერთ მიზანი, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მიგვიყვანს მომავალი წლის ივნისამდე, იმ ადგილამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. მთავრობას ექნება ერთი მანდატი, რომ შეასრულე ეს. ხომ გადანაწილებულია, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონები, მთავრობამ უნდა აღადგინოს ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. უნდა აღადგინოს ურთიერთობა სავალუტო ფონდთან, სადაც ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. პროგრამა აღარ არის, შეწყვეტილია. ანუ, მთელი რიგი მე ვიტყოდი ტექნიკური საკითხებია. არანაირი ახალი ინიციატივის და ახალი პოლიტიკის გატარება არ მოხდება ამ ერთი წლის თუ 9 თვის განმავლობაში.ის უნდა იყოს სრული გაგებით აღმასრულებელი იმ ქარტიის, რასაც ხელი მოაწერეს პარტიებმა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს, უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. ფონდი მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.