მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: ბანკების მიერ საკრედიტო დანაკარგების 1.2-მილიარდიანი რეზერვის შექმნა აუცილებელი იყო

5fd09ec3aaa4d
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.20 14:03
668
ეროვნული ბანკის პრეზიდენტო კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო დანაკარგების 1.2 მილიარდიანი რეზერვის შექმნა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის იყო აუცილებელი. გვენეტაძის თქმით, სებ-ის მითითებით ბანკებმა მარტში გააკეთეს შეფასება იმის შესახებ თუ რა იქნებოდა კრიზისის განმავლობაში მათი საკრედიტო დანაკარგები, რისთვისაც წინასწარ 1.2 მილიარდის რეზერვი შეიქმნა. 

აღნიშნულის გამო ქართული ბანკები ზარალზე აღმოჩნდნენ. 2020 წლის 10 თვეში მათი ზარალი 85.9 მილიონი ლარია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს ალბათობა, რომ ბანკებმა მიმდინარე წელი 50-100 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულონ.

“ეროვნული ბანკის დავალებით, ბანკებმა 2020 წლის მარტში მოახდინეს პანდემიის შესაძლო გავლენის შეფასება მათ სასესხო პორტფელზე. სხვადასხვა კრიტერიუმებითა და დაშვებებით გაკეთდა ეს შეფასება და გვინდოდა, მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო შეფასება. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიამ პროაქტიულად შექმნა 1.2 მილიარდი ლარის რეზერვი.

ეს იყო აბსოლუტურად აუცილებელი. 2020 წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ სექტორი რაღაც მოგებაზე გავა. შესაძლებელია ეს იყოს 50-100 მილიონი ლარის ფარგლებში", - ამბობს კობა გვენეტაძე.

როგორია ბანკების საოპერაციო საქმიანობა?

რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის 10 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.16%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად კი ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.66 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 1.16 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 21%-ით არის გაზრდილი.

არასაპროცენტო შემოსავლები კი, 734 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში უცვლელია. ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 10 თვეში 263 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 45%-ით არის შემცირებული და 39.9 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 41%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 214 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 918 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 33%-ით არის გაზრდილი და 632 მილიონ ლარს აღწევს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის ცხრა თვეში 85.9 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები