მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვებას აფასებს

60277a81b383a
თელარა გელანტია
13.02.21 11:05
598
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად BB-ზე დატოვების ფაქტს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება.

კობა გვენეტაძე აღნიშავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სანდო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და საგადასახდელო ბალანსის რისკების შემცირებაში როგორც წინა ეკონომიკური შოკების დროს, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის პირობებში.

„მაკროპრუდენციული ღონისძიებებისა და სავალუტო ბაზრის ინტერვენციების კომბინაციამ ხელი შეუწყო ფინანსურ სტაბილურობასა და გაცვლითი კურსის მერყეობის შერბილებას. საქართველოს ეკონომიკა არის მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე ზომის და საკმაოდ ღია (სავაჭრო გახსნილობაა მშპ-ს 60.9%, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე 46.5%-იანი ‘BB’ ჯგუფის მედიანური მაჩვენებელი). თუმცა სანდო პოლიტიკის ჩარჩომ 2012 წლიდან საქართველოს სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მერყეობის ინდიკატორები ‘BB’ ჯგუფის მედიანურ მერყეობაზე ქვემოთ შეუნარჩუნა.

მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო +1 ქულა ასახავს საქართველოს პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, გონივრული ფისკალური პოლიტიკის სტრატეგიას და სსფ-ს რაოდენობრივი კრიტერიუმებისა და სტრუქტურული მაჩვენებლების კარგად შესრულების გამოცდილებას. პოლიტიკის ასეთმა კომბინაციამ საგარეო შოკებისადმი მდგრადობა უზრუნველყო, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში უარყოფითი განვითარებების დროს, და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა.

PS ფულადი აგრეგატების ზრდის ანალიზის მოყვარულები ამ ტექსტის შეფასებით ნუ შეწუხდებით - სჯობს, მონეტარული პოლიტიკის თეორიის კონსპექტები განაახლოთ.

PPS სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ“, - წერს სებ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები