მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე მთავრობის მიერ EU-ს €75 მლნ-ზე უარის თქმაზე პირველ კომენტარს აკეთებს

613b728d78114
შოთა ტყეშელაშვილი
10.09.21 20:00
2008
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მთავრობის მიერ ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე უარის თქმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. გადაცემა "საქმიანი დილის ანალიტიკაში" გვენეტაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მუშაობა გაგრძელდეს ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან და დონორთან ,როგორც ევროკავშირია. ამასთან, გვენეტაძე აცხადებს, რომ წარსულში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეყანას მისთვის დამტკიცებული დახმარებები სრულად არ აუთვისებია. 

ეკონომიკური თვალსაზრისით კი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ თანხის არმიღებას, ბიუჯეტზე უარყოფითი გავლენა არ ექნება. 

"რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მომავალში აუცილებლად გაგრძელდეს მუშაობა ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიცაა ევროკავშირი. სხვადასხვა დროში არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არ ხდება სხვადასხვა დახმარების ათვისება. ეს ჩემ პერიოდში არ ყოფილა, მაგრამ მანამდეც იყო მაკრო-ფინანსური დახმარება შეწყვეტილი. იგივე IMF-ის პროგრამა ერთი პერიოდი შეწყვეტილი იყო და შემდე ახალი პროგრამა დაიწყო. ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხებია, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა გადაიჭრას. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნება და გაღრმავება კავშირების, როგორიცაა ევროკავშირი და IMF-ი.

მაკრო-ფინანსურად ჩვენთვის, როგორც ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი იყოს დაბალანსებული, ანუ ის ბიუჯეტი, რომელიც არის მიღებული იყოს დაფინანსებული იმ რიცხვების ფარგლებში, რომელიც დამტკიცებულია. ამ შემთხვევაში თუ შევხედავთ, ბიუჯეტის დაფინანსებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება,"- აცხადებს კობა გვენეტაძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ევროკავშირის 150-მლნ-ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე - 75 მლნ ევროს მიღებაზე. მართალია, „ოცნების“ ხელისუფლების წევრები ირწმუნებიან, რომ უარის მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული მილიარდი ლარია და ასევე მიზანი, შეამცირონ ქვეყნის საგარეო ვალი, მაგრამ ფაქტია, EU-ს მაკროეკონომიკური ტრანში 2021 წლის 30 სექტემბრამდე იმ შემთხვევაში გადმოირიცხებოდა, თუ საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო. მათ შორის იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება. „პატივს ვცემთ რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის მდგრადობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის პასუხად.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები