მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: შეიძლება, ბანკებმა 2020 წელი 50-100 მლნ ლარის მოგებით დაასრულონ

5fd0a4da9be54
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.20 14:23
803
ქართული ბანკების მიერ საკრედიტო დანაკარგებისთვის გაღებული 1.2-მილიარდიანი ხარჯის მიუხედავად, საბანკო სექტორმა 2020 წელი შესაძლოა 50-დან 100 მილიონ ლარამდე წმინდა მოგებით დაასრულოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ამას ბანკების საოპერაციო საქმიანობა განაპირობებს. 

2020 წლის 10 თვის მდგომარეობით კი, ქართული ბანკები 85.9-მილიონიან ზარალზე არიან.

“ეროვნული ბანკის დავალებით, ბანკებმა 2020 წლის მარტში მოახდინეს პანდემიის შესაძლო გავლენის შეფასება მათ სასესხო პორტფელზე. სხვადასხვა კრიტერიუმებითა და დაშვებებით გაკეთდა ეს შეფასება და გვინდოდა, მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო შეფასება. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიამ პროაქტიულად შექმნა 1.2 მილიარდი ლარის რეზერვი.

ეს იყო აბსოლუტურად აუცილებელი. 2020 წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ სექტორი რაღაც მოგებაზე გავა. შესაძლებელია ეს იყოს 50-100 მილიონი ლარის ფარგლებში", - ამბობს კობა გვენეტაძე.

შედარებისთვის 2019 წელს ქვეყანაში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 953 მილიონი ლარი იყო. 

როგორია ბანკების საოპერაციო შედეგები?

რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის 10 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.16%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 1.66 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 1.16 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 21%-ით არის გაზრდილი.

არასაპროცენტო შემოსავლები კი, 734 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში უცვლელია. ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის 10 თვეში 263 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 45%-ით არის შემცირებული და 39.9 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 41%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 214 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 918 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 33%-ით არის გაზრდილი და 632 მილიონ ლარს აღწევს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის ცხრა თვეში 85.9 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები